ისრაელი-პალესტინა

ისრაელის ძალებმა ჯენინში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

ჯენინზე თავდასხმების პარალელურად ქუჩებში საბურავები დაწვეს
Raneen Sawafta/Reuters

ისრაელის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჯენინში ბოლო 20 წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

დღეს, 3 ივლისის დილით ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დაიწყეს ფართომასშტაბიანი კონტრტერორისტული ოპერაცია ქალაქ ჯენინში, პარალელურად კი "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე" იერიში მიიტანეს. 

პალესტინის პრეზიდენტის სპიკერმა მაჰმუდ აბასმა ოპერაციას უწოდა "ახალი სამხედრო დანაშაული ჩვენი დაუცველი ხალხის წინააღმდეგ", ხოლო ღაზაში დაფუძნებული სამხედრო დაჯგუფება ჰამასმა ახალგაზრდებს "ყველა შესაძლო საშუალებით" იერუსალიმზე იერიშის მიტანისკენ მოუწოდა.

ამასთან, ისლამურმა ჯიჰადმა აღნიშნა, რომ ჯენინში "ხოცვა-ჟლეტის" შესაჩერებლად "თავის მოვალეობას შეასრულებს".

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი, მათ შორის, 5 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი - დაშავდა. ამავე ინფორმაციით, დაშავებულთაგან 10 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. 

ჯენინში პალესტინის წითელი ნახევარმთვარის დირექტორის, მაჰმუდ ალ-საადის თქმით, დაზიანებების უმეტესობა "სერიოზულია". მან ასევე დასძინა, რომ დაშავებულების სამედიცინო დანიშნულების პუნქტამდე გადაყვანის პროცესი რთული იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იერიში ჯენინის ბანაკის სამეთაურო-ოპერატიულ ცენტრსა და ისლამურ ჯიჰადთან დაკავშირებულ პალესტინელი ბოევიკების დაჯგუფებაზე მიიტანეს. 

"ოპერატიული სამეთაურო პუნქტი ასევე ემსახურებოდა დაზვერვის ცენტრს - ადგილს, სადაც შეიარაღებული ტერორისტები ტერორისტულ ქმედებებამდე და მის შემდეგ იკრიბებოდნენ". - განმარტავენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. 

მათივე თქმით, ჯენინის ბანაკი "იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსების ადგილი" და "ტერორისტებს შორის კოორდინაციისა და კომუნიკაციის კერაა". 

ჯენინის ბანაკზე თავდასხმის შემდეგ ისრაელის ძალებმა მეჩეთის მახლობლად იერიში მიიტანეს. ისრაელის მხარეს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ იერიშის მიზანი "საფრთხის არიდება" იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამი არაა, მოჰყვა თუ არა მეჩეთის მახლობლად თავდასხმას დამატებითი მსხვერპლი.

ოპერაციას ღამით საპროტესტო აქციები მოჰყვა დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის ქალაქ რამალას მახლობლად საგუშაგოზე. პროტესტის დროს პალესტინის მოქალაქე არმიის მიერ თავში სროლის შედეგად დაიღუპა. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები კი ბლოკადირებული ღაზის სექტორიდან პოტენციური საპასუხო სარაკეტო იერიშის გამო მზადყოფნაში მოიყვანეს.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, პრემიერს აღნიშნული მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიეწოდა, რის შემდეგაც მან "სამომავლო ოპერატიული გეგმები განიხილა".

ჯენინის ბანაკი ჩრდილოეთ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქის გარეუბანში 1950-იან წლებში შეიქმნა. ბანაკში დაახლოებით 11 000 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, ისლამური ჯიჰადის, ფატაჰის მებრძოლები.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ისრაელმა ჯენინის ბანაკზე 2002 წელს იერიში მეორე ინტიფიდას (პალესტინასა და ისრაელს შორის 2000-2005 წლებში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები) დროს მიიტანეს. შეტაკებებმა, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, 50-ზე მეტი პალესტინელი და 23 ისრაელის სამხედრო იმსხვერპლა.

კომენტარები