ისრაელი-პალესტინა

პალესტინამ ისრაელთან ვაქცინების გაცვლის შეთანხმებაზე უარი თქვა

Getty Images

პალესტინის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უარი თქვა ისრაელთან ვაქცინების გაცვლის შეთანხმებაზე. შეთანხმების ფარგლებში ისრაელს პალესტინისთვის უნდა მიეცა Pfizer-ის ვაქცინის მილიონი დოზა, რომელსაც ვადა ივლის-აგვისტოში გასდის, სანაცვლოდ, პალესტინა ისრაელს უნდა დაებრუნებინა ვაქცინის იმავე რაოდენობის დოზები, რომლებსაც რამდენიმე თვეში Pfizer-ისგან მიიღებს.

პალესტინის ადმინისტრაციის ცნობით, Pfizer-ის ვაქცინებს მეტისმეტად მალე გასდიოდა ვადა. პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრის მაი ალკაილას თქმით, ისინი ელოდნენ, რომ ვაქცინებს ვადა ივლისი-აგვისტოს პერიოდში გასდიოდა, თუმცა, როცა ვაქცინები მიიღეს, აღმოჩნდა, რომ მათი ვადა ივნისში იწურება.

"ეს არ არის საკმარისი დრო ვაქცინების გამოსაყენებლად ამიტომ უარი ვთქვით". – თქვა მაი ალკაილამ.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის სპიკერის, იბრაჰიმ მელჰემის თქმით, ვაქცინის 90 000 დოზის პირველი პარტია არ აკმაყოფილებს შეთანხმებაში გაწერილ კრიტერიუმებს და პრემიერმინისტრის მითითების მიხედვით ჯანდაცვის სამინისტრომ შეთანხმებაზე უარი თქვა. 

მელჰემის თქმით, პალესტინა Pfizer-ისთვის პირდაპირ შეთანხმებული ვაქცინის მიღებას დაელოდება.

ვაქცინებს გამოყენების ოფიციალური ვადა აქვს, რომლის გავლის შემდეგ მათი ეფექტიანობა იკლებს. თუმცა ჯანმო ქვეყნებს ურჩევს, ჯერ არ გადაყარონ ვადაგასული Covid-19-ის დოზები, რადგანაც მიმდინარეობს კვლევები იმის დასადგენად, ხომ არ ინარჩუნებს ვაქცინები ეფექტიანობას მითითებულ ვარგისიანობაზე დიდხანს.

პალესტინის ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში პალესტინელების დაახლოებით 30%-მა ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღო. პალესტინამ ვაქცინები მიიღეო ისრაელისგან, რუსეთისგან, ჩინეთისგან, არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან და კოვაქსის პლატფორმისგან.

კომენტარები