ბუჩამდე იყო აფხაზეთი

"ბუჩამდე იყო აფხაზეთი" 9-12 ივლისს ბათუმს, ფოთს, ხობს, სენაკს, ქუთაისსა და წყალტუბოს ეწვევა

კამპანია ბუჩამდე იყო აფხაზეთი აფხაზეთის ომში მომხდარი და დავიწყებული ისტორიების შესაგროვებლად და გასაცოცხლებლად 9-12 ივლისს ბათუმს, ფოთს, ხობს, სენაკს, ქუთაისსა და წყალტუბოს ეწვევა.

"ჩვენი საზოგადოების ვალია, ნათელი მოჰფინოს საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ ეპიზოდს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა, მოისმინოს და გადაიაზროს ყველასგან დავიწყებული მსხვერპლის ისტორიები და იბრძოლოს მათთვის სამართლიანობის მოსაპოვებლად.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს აფხაზეთში რუსეთის მიერ ორგანიზებული ქართველების გენოციდის შესახებ, რათა რუსეთისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი დაჯგუფებების მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები ქართველთა გენოციდად აღიაროს, როგორც ქართულმა სახელმწიფომ, ასევე მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ.

კამპანიის შედეგად, აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებით არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორი დაინტერესდა. გენოციდის შესახებ გამართულ გამოფენას დაესწრო არაერთი უცხოელი ჟურნალისტი, რეჟისორი, მსახიობი, არაერთ უცხოურ გამოცემაში აფხაზეთში მომხდარი დანაშაულების შესახებ სტატიები გამოქვეყნდა, გენოციდის აღიარების მოთხოვნით პეტიციას კი, უკვე ათასობით საქართველოს მოქალაქე შეუერთდა.

თუმცა, ეს არ კმარა. კამპანიის გასაფართოვებლად აუცილებელია იმ ადამიანების მეტი ჩართულობა, რომლებმაც თავისი თვალით იხილეს და გამოსცადეს აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი ქართველების გენოციდი.

მოგიწოდებთ ბათუმში, ფოთში, ხობში, სენაკში, ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს, მათ, ვისაც მიგაჩნიათ, რომ წარსულის ჯეროვანი გადააზრების გარეშე მომავალში სამართლიანობას ვერ მივაღწევთ, ვისაც თავად გაქვთ გამოცდილი აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ვისაც გსურთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ ამ დანაშაულთა სამართლებრივ შეფასებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, დაგვიკავშირდით, გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია და დაგვეხმარეთ ისტორიული სამართლიანობის მოპოვებაში.

სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით კამპანიის ფეისბუქგვერდის საშუალებით" - ნათქვამია ორგანიზორების განცხადებაში.

კომენტარები