აშშ-საქართველო

დეგნანი: თავისუფლება, დამოუკიდებლობა – აშშ-სა და საქართველოს საერთო ღირებულებებია

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ძალიან ემოციურია, რომ დღეს აი აქ, ქართული კულტურის ამ მშვენიერ ნიმუშში, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ ამერიკის დამოუკიდებლობის 247-ე იუბილეს. როგორც იცით, 4 ივლისი აღნიშნავს დღეს, როდესაც ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა ხელი მოაწერეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას და ამავდროულად, დადეს პირობა თავისუფლების, ბედნიერებისკენ სწრაფვის მიმართ. სწორედ ამ დემოკრატიულმა პრინციპებმა წლების განმავლობაში, მილიონობით ადამიანს მსოფლიოში მოუტანა მშვიდობა, განვითარება და მეტი უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ აღინიშნება ეს დღე არამხოლოდ აშშ, არამედ ყველა ადამიანი და ყველა ერი, რომლისთვისაც თავისუფლების ღირებულება არის მნიშვნელოვანი. სწორედ ეს საერთო ღირებულებები – თავისუფლება, ადამინის უფლებების პატივისცემა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა არის ის, რასაც ეფუძნება აშშ-ს და საქართველოს კავშირი. სწორედ ეს არის საფუძველი ჩვენი ასეთი მეგობრობის და სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ, საქართველოსთან ერთად ამ დღეს. საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 3.5 წლის განმავლობაში ვესტუმრე საქართველოს ყველა რეგიონს, სამწუხაროდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარდა და ამ რეგიონებში სტუმრობისას დავინახე ის დიდი პარტნიორობა, რაც არსებობს ამერიკელებსა და ქართველებს შორის, ბოლო 30 წლის განმავლობაში. პარტნიორობა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით – იქნება ეს სამხედროების წვრთნები, კულტურის სფეროში, განათლების სფეროში, ეკონომიკაში, ინვესტიციებში და რაც მთავარი და ყველაზე რთულია, თანამშრომლობა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. ის წარმატება და პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლებში, ნამდვილად გასაოცარია და ეს მაძლევს იმედს, რომ ეს ქვეყანა გააგრძელებს აღმშენებლობისა და აღმავლობის გზაზე სვლას და საქართველო მიაღწევს იმ მიზანს და სურვილს, რაც არის წარმატებული და განვითარებული ქვეყნის მშენებლობა. საქართველო აგრძელებს რეფორმებისა და დემოკრატიის გზას, ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვდგავართ თქვენთან ერთად. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს წარმატებას და ხელი შევუშალოთ უიმედობის განცდას. მსურს გავიხსენო პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვები – "სიბნელე, რომელსაც მოაქვს ავტოკრატია, ვერასდროს ვერ დაამარცხებს თავისუფლების სიკაშკაშეს და ბრყინვალებას, რომელიც თითოეული თავისუფლების მოყვარული ადამიანის სულს ანათებს". მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამერიკელები და ქართველები ვართ ერთიანი თავისუფლების, მშვიდობის, წარმატების და უსაფრთხოების სახელით. ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!

თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ამერიკის მეგობართა კლუბმა გამართა.

კომენტარები