საქართველო-უკრაინა

ბრეგაძე ზელენსკიზე: მისი განცხადება ჩემთვის სრულიად მიუღებელია

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა. ბრეგაძის თქმით, მისთვის ზელენსკის განცხადება მიუღებელია. 

"რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებას. ეს განცხადება პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია. იმიტომ, რომ აქ არცერთი მტკიცებულება მოყვანილი არ არის. როდესაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერასოდეს დავეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ამ რეგიონში სადმე ადამიანის უფლებები დაცულია, განსაკუთრებით კი პენიტენციურ დაწესებულებებში, ლიდერი ნამდვილად საქართველოა [...] ვინც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი იქნება, ჩვენს სახელმწიფოს ღირსება გვაქვს და ზუსტად ვიცით, რომ ადამიანის უფლებებს განუხრელად ვიცავთ, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებშიც და თანაც ძალიან მაღალ დონეზე. ამიტომ, მსგავსი ტიპის განცხადებას ვერავისგან მივიღებთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საქართველო აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში უკრაინელი ხალხის გვერდით დგას". - თქვა ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დავავალე. გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა მის დედაქალაქთან კონსულტაციები გამართოს". - წერს ზელენსკი.

კომენტარები