პაპი ფრანცისკე

პაპმა ფრანცისკემ ყურანის დაწვა დაგმო

არაბეთის გაერთიანებული საამიროების გაზეთ Al-Ittihad-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რომის პაპმა, ფრანცისკემ თქვა, რომ მუსლიმთა წმინდა წიგნის, ყურანის დაწვამ გააბრაზა და ზიზღის გრძნობა მოჰგვარა.

"ნებისმიერ წიგნს, რომელიც წმინდადაა მიჩნეული, პატივი უნდა ვცეთ, რათა პატივი ვცეთ მათ, ვისაც მისი სწამს... სიტყვის თავისუფლება სხვების მიმართ ზიზღის გამოხატვის საშუალებად არ უნდა იყოს გამოყენებული". - თქვა პაპმა.

შვედეთის პოლიციამ ყურანის საწინააღმდეგო დემონსტრაციების გამართვის დაშვებისთვის მოქალაქეების რამდენიმე მიმართვას უარით უპასუხა, თუმცა ქვეყნის სასამართლომ პოლიციის გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების დარღვევად შეაფასა და დემონსტრანტებს აქციის გამართვის უფლება მისცა.

28 ივნისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, მეჩეთის წინ მოქალაქემ პროტესტის ნიშნად ყურანი დახია და დაწვა. აღნიშნული დაგმეს მუსლიმურმა ქვეყნებმა, მათ შორის თურქეთმა, რომელიც შვედეთისთვის NATO-ში შესვლის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა. ყურანის დაწვა გააპროტესტეს ბაღდადში, სადაც დემონსტრანტები შვედეთის საელჩოშიც შეიჭრნენ.

2 ივლისს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელშიც 57 ისლამური ქვეყანა შედის, თქვა, რომ ყურანის განადგურების თავიდან ასაცილებლად ერთობლივი ზომების მიღებაა საჭირო და საერთაშორისო სამართლის ნორმებით უნდა მოხერხდეს რელიგიის ნიადაგზე არსებული სიძულვილის დასრულება.

კომენტარები