ბაღდადი

ბაღდადში შვედეთის საელჩოში პროტესტის მონაწილეები შეიჭრნენ

One Baghdad

ბაღდადში გამართული აქციის მონაწილეები შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ. აქცია სტოკჰოლმში ერთ-ერთი პირის მიერ პროტესტის ნიშნად ყურანის დაწვას მოჰყვა.

ერაყის დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქცია ძლიერი შიიტი სასულიერო პირის, მუქთადა ალ-სადრის მიერ იყო ორგანიზებული. ალ-სადრი ბაღდადიდან შვედეთის ელჩის გაძევებას ითხოვს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს როგორ გადაძვრნენ პროტესტის მონაწილეები საელჩოს გარშემო აღმართულ ბარიკადებზე და შენობაში შევიდნენ.

უცნობია საელჩოს შენობის რა ნაწილის დაკავება მოასწრეს აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დატოვებამდე. შვედეთის თქმით, საელჩოს თანამშრომლებს საფრთხე არ შექმნიათ.

"სიტუაციის შესახებ კარგად ინფორმირებულები ვართ. ჩვენი საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან და საგარეო საქმეთა სამინისტრო მათთან მუდმივ კონტაქტზეა". - აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

28 ივნისს, შვედეთის ხელისუფლებამ სტოკჰოლმის ცენტრში მეჩეთის წინ ყურანის დაწვის აქციის გამართვა დაუშვა. აქცია ყურბან-ბაირამს - მსხვერპლშეწირვის სამდღიან დღესასწაულს დაემთხვა, რომელიც ისლამურ კალენდარში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად ითვლება.

ფაქტი დაგმო ოფიციალურმა ანკარამ, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.

კომენტარები