პირდაპირი ფრენები რუსეთთან

დეგნანი: რუსეთთან პირდაპირი ფრენები საგანგაშოა, საქართველოს ევროპაში შეღწევისთვის იყენებენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა პანკისში მედია წარმომადგენლებთან შეხვედრისას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე ისაუბრა. ელჩის თქმით, ფრენების აღდგენა შეშფოთებას იწვევს, რადგან ბევრი რუსი საქართველოს ევროპასთან დამაკავშირებელ გზად იყენებს. ეს ამცირებს იმ ზეწოლას, რომლის ქვეშაც ევროპა ცდილობს, რომ რუსეთი მოაქციოს, რათა სწრაფად დასრულდეს უკრაინასთან ომი. 

"როგორც აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, პირდაპირი ფრენები არამარტო იმიტომ არის შემაშფოთებელი, რომ ახლა ათასობით რუსის საქართველოში შემოშვებით რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და მასთან დაახლოების დრო არ არის, ეს ასევე საგანგაშოა, რადგან ბევრი მათგანი ამ გზას ევროპაში შეღწევის საშუალებად იყენებს. ევროპის კარი რუსეთისთვის დახურულია. ის, რომ საქართველო რუსებისთვის ევროპასთან დამაკავშირებელი დერეფანი შეიძლება გახდეს, ძირს უთხრის პუტინის წნეხის ქვეშ მოქცევის მცდელობას, რითაც ვცდილობთ, რომ დავასრულოთ ომი. ყველა ეს შეზღუდვა არის იმისთვის, რომ ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამისთვის ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთობლივად ვიმოქმედოთ. ეს მოიცავს სანქციებს, ექსპორტზე კონტროლის დაწესებასა და ყველაზე მთავარ მიზანს, პუტინის წნეხის ქვეშ მოქცევას. ჩვენ ყველა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ომი, რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ. ეს სისასტიკეა, რომელიც პუტინმა დაიწყო და დღეს მასვე შეუძლია, რომ დაასრულოს. უნდა გავზარდოთ პუტინზე ზეწოლა. იმედი მაქვს, ხალხს ესმის, რომ სწორედ ეს არის პირდაპირ ფრენებზე შეშფოთების მიზეზი. ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი პუტინმა." - თქვა კელი დეგნანმა. 

კომენტარები