სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთში, შესაძლოა, ყველის, არაჟნის, იოგურტისა და სხვა რძის პროდუქტების გაყიდვა შეწყდეს

რუსეთში უცხოური წარმოების დვრიტის დეფიციტის გამო, შესაძლოა, სასურსათო მაღაზიებში არაჟნის, ხაჭოს, იოგურტის და სხვა რძის პროდუქტების გაყიდვა შეწყდეს.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Новости Ру წერს, დვრიტა ფერმენტირებული რძის პროდუქტების დასამზადებლად აუცილებელია, რუსეთში კი დვრიტის 80%-ი ევროპული ქვეყნებიდან არის იმპორტირებული. როგორც ადგილობრივი კომპანიები აღნიშნავენ, ევროპელ მიმწოდებლებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო მათთან თანამშრომლობა არ სურთ. ამასთან, არსებობს დამატებითი პრობლემები თანხის გადარიცხვასა და ტრანსპორტირების კუთხით.

გამოცემის ცნობით, დღესდღეობით ქალაქ ბარნაულში და უგლიჩში ადგილობრივ მწარმოებლებს ბაზრის მოთხოვნების მხოლოდ 12 %-ის დაკმაყოფილება შეუძლია. მარაგში კი მხოლოდ 6 თვის სამყოფი უცხოური წარმოების დვრიტაა დარჩენილი.

გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ მაღაზიებში კეფირების გაყიდვა გაგრძელდება, თუმცა, არაჟანი, იოგურტი და ყველი, შესაძლოა, დახლებიდან გაქრეს. მათივე თქმით, უცხოური მწარმოებლების ადგილობრივით ჩანაცვლებას, სავარაუდოდ, წლები დაჭირდება, დვრიტის მწარმოებელი ქარხნის აშენებას კი დაახლოებით 1 მილიარდი ევრო.

გარდა ამისა, ორგანული პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის АгриВолга-ის დამფუძნებელი, სერგეი ბაჩინი ბიზნესმედია РБК-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რუსეთში რძის პროდუქტების წარმოება 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში "ჩავარდა".

"დღეს ჩვენი ბაზრის 90%-ს იმპროტირებული დვრიტა შეადგენს. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ბიოფაბრიკები მათ საწარმოებლად. არსებობს ექსპერიმენტული ბიოფაბრიკა ქალაქ უგლიჩში და ასევე მცირე ლაბორატორიები, რომლებიც რაღაცის შექმნას ცდილობენ. თუმცა, ისინი ბაზრის საჭიროებების 10%-ზე მეტის დაფარვასაც კი ვერ შეძლებენ". - ამბობს ბაჩინი.

კომენტარები