თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

ლევან ხაბეიშვილს კასპში სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს კასპში სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ენმ-ის წევრების თქმით, ადგილზე შეკრებილები იყვნენ ქართული ოცნების მომხრეები და საჯარო მოხელეები.

ქართული ოცნების მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებსაც. მათ ენმ-ის წევრების მისამართით ქვებიც ისროლეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ენმ-ის წევრებზე თავდასხმა ქართული ოცნების მიერ იყო ორგანიზებული და მათ პარტიის თავმჯდომარისა და სხვა წევრების პენსიონერებთან შეხვედრის ჩაშლა სურდათ. 

ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მას კასპში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ქართული ოცნების წევრები "მიუქსიეს". 

ხაბეიშვილის ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ, იყვნენ კასპის, გორის, ხაშურისა და ქარელის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ვახტან გომელაურისგან მოითხოვენ, რომ მოძალადეები დაისაჯონ.

ლევან ხაბეიშვილი და ენმ-ის სხვა წევრები კასპში პენსიონერებთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. ხაბეიშვილის თქმით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომ საპენსიო ასაკმა დაიწიოს და ყველასთვის 60 წელი გახდეს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ როდესაც საპენსიო ასაკი 60 წელი გახდება, მინიმალური პენსია 400 ლარი უნდა იყოს.

კომენტარები