ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ფონიჭალაში 16 წლის მოზარდი დააკავეს

IPN

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით სპეცოპერაცია ჩაატარა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რამდენიმე პირს შორის არის 16 წლის მოზარდიც. 

როგორც ადვოკატი ამბობს, მოზარდი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ითვალისწინებს. 

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა გორში მოქალაქის ჩხრეკისას ამოიღეს ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნება. 

"ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე - გორში, ქუთაისში, დედაქალაქში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძანა-შენახვა-გასაღების ფაქტებს. კონკრეტულად ამ ლოკაციაზე, ფონიჭალაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამ ეტაპზე, დაკავებული არის რამდენიმე პირი. კონკრეტულ დეტალებს, თუ ვინ არის დაკავებული, მოგვიანებით მოგახსენებთ". - თქვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსმა, სანდრო გულუამ.  

ოფიციალური განცხადების გავრცელების შემდეგ მასალა განახლდება.  

განახლება -  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2007 წელს დაბადებული რ.ს. ნარკოტიკების უკანონო გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული. 

უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორი.

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. განცხადების მიხედვით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები. 

კომენტარები