კრიმინალი

შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 ადამიანი დავაკავეთ, მათგან 37 ნარკორეალიზატორია

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორი.

დღეს, 29 ივნისს, სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. განცხადების მიხედვით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს. 

პოლიციამ, მოსამართის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და მათი ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო". - წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია: ჰეროინი, კოკაინი, მეტამფეტამინი, ოპიუმი, პრეგაბალინი, ამფეტამინი, მდმა, ექსტაზი, ბუპრენორფინი, მეთადონი, გამომშრალი მარიხუანა, მცენარე კანაფი და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება. ნარკოტიკულ საშუალებებზე დაკავებული ორი პირისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღებიც. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 273-ე პრიმა, 263-ე, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები