პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერისა და მისი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ბელარუსში ყოფნა ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც NATO-ს მკაცრ პასუხს მოითხოვს. ამის შესახებ დუდამ 27 ივნისს ჰააგაში ალიანსის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დუდას თქმით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც, იმედოვნებს, რომ NATO-ს ლიდერები ივლისში ვილნიუსის სამიტზე განიხილავენ.
"ვფიქრობ, რომ [ვაგნერის ჯგუფს ბელარუსში ყოფნას] გარკვეული გადაწყვეტილებები სჭირდება. ძნელი სათქმელია, მივიღებთ თუ არა მას ვილნიუსის მოახლოებულ სამიტზე, რადგან ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას განვიხილავთ." - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ვაგნერის ჯგუფის ბელარუსში ყოფნა "ძალიან სერიოზული და შემაშფოთებელი პრობლემაა."
"ჩვენ უნდა მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებები. ჩემი აზრით, ამას NATO-ს მხრიდან ძალიან მკაცრი პასუხი სჭირდება." - თქვა დუდამ.
27 ივნისს ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ ევგენი პრიგოჟინი უკვე ბელარუსშია.
"უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ის (პუტინი) გუშინ დაჰპირდა, უზრუნველყოფილია. ვხედავ, პრიგოჟინი უკვე ამ თვითმფრინავით დაფრინავს. დიახ, ნამდვილად, ის დღეს ბელარუსშია". – თქვა ლუკაშენკომ.
რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.
იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.