პრიგოჟინის ამბოხება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პრიგოჟინის ბრალდებას თავდასხმასთან დაკავშირებით უარყოფს

ევგენი პრიგოჟინი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ბრალდებებს თავდასხმასთან დაკავშირებით უარყოფს.  

"ევგენი პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა ინფორმაცია და ვიდეო კადრი "რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ვაგნერის უკანა ბანაკებზე დარტყმის შესახებ" არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს ინფორმაციულ მანიპულაციას". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსული ძალები დაქირავებულთა ბანაკებს თავს დაესხნენ. 

"სარაკეტო შეტევა ვაგნერის ბანაკებზე განხორციელდა. ბევრია მსხვერპლი. თვითმხილველი მებრძოლების თქმით, დარტყმა უკნიდან იქნა მიტანილი, ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროებმა მიიტანეს". - თქვა პრიგოჟინმა. 

23 ივნისს დილით პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს და უწყებას "პრეზიდენტის მოტყუებაში" ბრალს დებდა. პრიგოჟინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში "სისხლით ბანაობენ", უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ და რუსეთის არმიაში "არავითარი კონტროლი" არ არსებობს. 

ამავე დღეს, მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან დაწერა განცხადება საგამოძიებო კომიტეტში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან დაკავშირებით, რადგან ისინი "რუსი ხალხის გენოციდზე არიან პასუხისმგებელი".

კომენტარები