ნიკა გვარამიას შეწყალება

პაპუაშვილი: რადგან ახლა ნიკა გვარამია შეწყალებულია, გამოდის, რომ ბურთი არის ოპოზიციის მხარეს

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას გამოეხმაურა. პაპუაშვილი ამბობს, რომ რადგან გვარამია თავისუფალია, ბურთი ახლა ოპოზიციის მოედანზეა, რომ მათ საკუთარი რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალონ.

"რაც შეეხება მიზეზად დეპოლარიზაციის მოტანას. როდესაც პრეზიდენტზე ზეწოლა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, ღიად იყო საუბარი, რომ თითქოს ეს ყოფილიყო მოტივი ან მიზანი და ზოგიერთი კოლეგის მხრიდან ასეთი შეფასება ახლაც გვესმის. ჩვენ თავის დროზე ვნახეთ, იქნებოდა ეს გიგი უგულავას შეწყალება თუ სხვა ასეთი შეწყალებები - მაშინაც იყო საუბარი, რომ ეს დეპოლარიზაციის გამო ხდებოდა და ამან რამდენად უფრო გაუარესებული პოლარიზაცია მოგვიტანა, ესეც დავინახეთ. ამიტომ, ისინი, ვინც ამბობენ და პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებენ, რომ თითქოს ეს დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, გამოდის, რომ ამით ახლა ოპოზიციის მხარეს ბურთს აგდებენ. ვნახოთ, ისინი თავიანთი რადიკალური დღის წესრიგის შეცვლას თუ მოახდენენ. ამით ჩანს, რომ ჩვენი პარტნიორები საკუთარ თავზე პასუხისმგებლობასაც იღებენ. ამიტომ, თუ ეს მათი ხედვაა, ახლა დროა, რომ ისინი ოპოზიციას დაელაპარაკონ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალონ. სამწუხაროდ, იმ წარსული გამოცდილებიდან, რაც წინა შეწყალებებს ჰქონდა, ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს. ამას არანაირი დეპოლარიზაცია არ მოუტანია [...] ვინც პრეზიდენტს საჯაროდ მოუწოდებდა, რომ ნიკა გვარამია შეეწყალებინა, ვინაიდან, ეს დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო და ამით ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე არასწორ კავშირს აკეთებდა, ყველა ეს ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს [...] რადგან ახლა ნიკა გვარამია შეწყალებულია, გამოდის, რომ ბურთი არის ოპოზიციის მხარეს. ამაში ჩართულები იყვნენ, მათ შორის, უცხოეთიდან ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს შეწყალებისკენ მოუწოდებდნენ. ახლა აიღონ პასუხისმგებლობა და დავაკვირდეთ, ოპოზიცია საკუთარ რადიკალურ დღის წესრიგს რამდენად შეცვლის". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა. მიშელის თქმით, ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

კომენტარები