აშშ-ინდოეთი

ტრამპი: ინდოეთი აშშ-სგან $3 მილიარდის სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს

დონალდ ტრამპი და ნარენდრა მოდი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთში ვიზიტისას თქვა, რომ ქვეყანა აშშ-საგან 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს, მათ შორის სამხედრო ვერტმფრენებს და რაკეტებს.

შეთანხმების მიხედვით ინდოეთი SeaHawk-ის ტიპის 24 ვერტმფრენს მიიღებს, რომლებიც რაკეტებით იქნება აღჭურვილი. გარდა ამისა ქვეყანა გეგმავს Apache-ს ტიპის 6 ვერტმფრენის შეძენასაც.

ტრამპმა ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის პრემიერმინისტრთან, ნარენდრა მოდისთან გამართა მოლაპარაკება. მათ რეგიონში ჩინეთის დასაბალანსებლად ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ტრამპის თქმით ინდოეთთან მსხვილ სავაჭრო შეთანხმებაზე პროგრესია.

ტრამპის თქმით ვიზიტი პროდუქტიულია.

"ჩვენს გუნდებს უზარმაზარი პროგრესი აქვთ ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებაზე და მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მივაღწევთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ორივე ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის იქნება." თქვა მან.

ტრამპის ვიზიტის პარალელურად საპროტესტო აქციები იმართება. დედაქალაქში აშშ-ის მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციები და მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. დაპირისპირებისას 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთი იარაღს ყიდულობს რუსეთისგანაც. 2018 წელს ინდოეთმა რუსეთთან S-400-ების 5 აშშ მილიარდი დოლარის შეთანხმებას ხელი მოაწერა. მაშინ აშშ-მ ინდოეთი გააფრთხილა, რომ რუსული სარაკეტო სისტემების შესყიდვის გამო შესაძლოა სანქციები დაუწესონ. რუსეთი ინდოეთისთვის S-400 სარაკეტო სისტემების მიწოდებას 2021 წლის ბოლომდე დაიწყებს.

კომენტარები