ნიკა გვარამიას შეწყალება

ჰელსინკის კომისია ზურაბიშვილს: მადლობა გამბედაობის კიდევ ერთი მაგალითისთვის

"მადლობა გამბედაობის კიდევ ერთი მაგალითისთვის". - მიმართავს ჰელსინკის კომისია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.  

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასულ კვირას ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც აფასებდნენ მის მცდელობებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად. ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად და მოუწოდებდნენ, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები. 

"დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელსაც სდევნიდა საქართველოს ხელისუფლება და უსამართლოდ დააპატიმრა. მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის". - წერია განცხადებაში. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.  

"გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპრიებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ.

მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ევროპარლამენტში ვთქვი - ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები