იაპონია

იაპონიაში სტერილიზაციის მსხვერპლებს შორის ორი 9 წლის ბავშვიც იყო – პარლამენტის მოხსენება

იაპონიის პარლამენტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევგენიკის კანონით იძულებით სტერილიზებულ 25 000 ადამიანს შორის ორი ცხრა წლის ბავშვი იყო.

კანონი, რომელიც 48 წლის განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან მოქმედებდა, აიძულებდა ადამიანებს გაეკეთებინათ ოპერაციები, რათა მათ არ ჰყოლოდათ ბავშვები, რომლებიც მიჩნეულნი იყვნენ "სუსტად". სტერილიზებულთა შორის ბევრ მათგანს ჰქონდა ფიზიკური ან კოგნიტური შეზღუდვები, ან ფსიქიკური დაავადება. კანონი იაპონიაში 1996 წელს გაუქმდა.

19 ივნისს პარლამენტმა გამოაქვეყნა 1,400 გვერდიანი კვლევა. ის ეფუძნება სამთავრობო გამოძიებას, რომელიც 2020 წლის ივნისში დაიწყო.

პარლამენტის მოხსენების მიხედვით, ოპერაცია დაახლოებით 25,000 ადამიანს ჩაუტარდა - მათგან 16,000-ზე მეტი თანხმობის გარეშე ჩატარდა. მეტიც, ზოგიერთ მათგანს ეუბნებოდნენ, რომ ისეთ რუტინულ პროცედურას უტარებდნენ, როგორიცაა, მაგალითად, აპენდიციტის ოპერაცია.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სტერილიზებულთა შორის იყვნენ 9 წლის ორი ბავშვი - გოგონა და ბიჭი.

ტოკიომ ევგენიკის კანონთან დაკავშირებით 2019 წელს ბოდიში მოიხადა და თითოეულ ცოცხალ დაზარალებულს 3,2 მილიონი იენი გადაუხადა. ამასთან, იმდროინდელმა პრემიერმინისტრმა, შინზო აბემ თქვა, რომ ევგენიკის კანონმა მისი მსხვერპლების "დიდი ტანჯვა" გამოიწვია. 

სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც ასევე ჰქონდათ იძულებითი სტერილიზაციის პოლიტიკა - მაშ შორის, გერმანიამ, შვედეთმა და აშშ-მ, ბოდიში მოიხადეს და გადარჩენილ მსხვერპლებს კომპენსაცია გადაუხადეს.

კომენტარები