ენმ

ჭიაბერაშვილი: ნაციონალური მოძრაობის მხარეს სააკაშვილია მაკონსოლიდირებელი ფიგურა

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მაკონსოლიდირებელი ფიგურა მიხეილ სააკაშვილია, ხოლო სხვა ოპოზიციურ პარტიებს უნდა ესმოდეთ, რომ "მომავალ კოალიციურ მთავრობაში განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთი უნდა აიტანონ".

"ნაციონალური მოძრაობის მხარეს სააკაშვილი არის მაკონსოლიდირებელი ფიგურა და შესაბამისად, სააკაშვილის ნებისმიერი პოლიტიკური განაცხადი, მათ შორის, ბოლოც, მიმართულია არა ზოგადად მთელი საზოგადოების, არამედ საკუთრივ მისი და ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის კონსოლიდაციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებაში სააკაშვილის განცხადებებზე აკეთებენ შეფასებებს ისინიც, ვინც არც არასოდეს აძლევდა ხმას სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას და არც მომავალში აპირებს. მაგრამ ასეთ ხალხს, თუ ისინი არ არიან ამ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხარდამჭერები, უნდა ესმოდეთ, რომ მომავალ კოალიციურ მთავრობაში განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთი უნდა აიტანონ". – თქვა ჭიაბერაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

2022 წლის ნოემბერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნების დროს ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ის საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე ფიქრობდა. მისი თქმით, არსებულ კანდიდატებს შორის მაკონსოლიდირებელ ეფექტს ვერ ხედავდა, ხოლო კითხვას, ხედავდა თუ არა ის საკუთარ თავს ასეთად, ჭიაბერაშვილმა უპასუხა: "რომ არ ვხედავდე, ამ იდეაზე საერთოდ არ ვიფიქრებდი".

რამდენიმე დღეში ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობაზე "ფიქრი შეწყვიტა".

კომენტარები