NATO-თურქეთი-შვედეთი

ოსტინი თურქეთის თავდაცვის მინისტრს მოუწოდებს მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მან თავის თურქ კოლეგას, იასარ გულერს მოუწოდა, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 

"ჩვენს დღევანდელ შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მიზანი იყო მისთვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მიმელოცა. რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობას ვიყენებ, რომ მას ვუბიძგო მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხის წინ წაწევას, რათა ეს შესაძლებელი გახდეს. თუმცა ეს ძალიან მოკლე შეხვედრა იყო და ბევრს მის შესახებ ვერაფერს გეტყვით". - თქვა ოსტინმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

შვედეთისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება განიხილება ალიანსის მომავალ სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში გაიმართება.


ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, თუ შვედეთს უნდა, რომ თურქეთმა მხარი დაუჭიროს მის NATO-ში გაწევრიანებას, მაშინ მან უნდა შეაჩეროს ანტითურქული აქციები საკუთარ დედაქალაში.

"შვედეთი არ უნდა ელოდოს, რომ შემდეგ თვეში გასამართ ალიანსის სამიტზე თურქეთი შეიცვლის დამოკიდებულებას NATO-ში მის გაწევრიანებაზე, თუ შვედეთი არ შეაჩერებს ანტითურქულ აქციებს სტოკჰოლმში". – თქვა ერდოღანმა. 

13 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთის მთავრობა თურქეთს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერ 35 წლის თურქეთის მოქალაქეს გადასცემს. გადაწყვეტილება მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. თურქეთში მამაკაცის წინააღმდეგ სამართალწარმოება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტომანიპულაციების გავრცელებისთვის მიმდინარეობს, რაც თურქული კანონმდებლობით დასჯადია.

მამაკაცი, რომელიც თურქეთის სასამართლომ 2013 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავა, აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მან თურქეთი კანონიერი გზებით დატოვა და შვედეთში მუშაობის უფლება მიიღო. მისი თქმით, ექსტრადაციის რეალური მიზეზი პროქურთულ პოლიტიკურ პარტიაში მისი აქტიურობა და იმ ჯგუფის მხარდაჭერაა, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

კომენტარები