თარაშ კანდელაკი

კანდელაკი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში გამართლდა და ციხეში არ ჩაჯდება

გორის რაიონულმა სასამართლომ თარაშ კანდელაკი გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში გაამართლა - ის ციხეში აღარ ჩაჯდება.  

შემთხვევა 2020 წლის 9 ივნისს, გორში მდებარე რესტორანში მოხდა - გამოძიების ვერსიით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კანდელაკმა დაპირისპირების შემდეგ თედლიაშვილს თავში დაარტყა და მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. 19 წლის ერეკლე თედლიაშვილი 12 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.  

თარაშ კანდელაკი, რომელიც ვეტერანი მოკრივის, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკის შვილია, იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოა. მოგვიანებით ის პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

დღეს, 16 ივნისს, გორის რაიონულმა სასამართლომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მას სასჯელად 8 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. იმის გათვალისწინებით, რომ კანდელაკი აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში 9 თვე იყო პატიმრობაში, ის ციხეში არ ჩაჯდება.  

პროკურატურა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

კომენტარები