აქციაზე დაკავებულები

2 ივნისის აქცია – ომბუდსმენმა 5 დაკავებულის საქმეზე სასამართლოს მიმართა

სახალხო დამცველის აპარატი 2 ივნისს, თბილისში, პარლამენტთან დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ ომბუდსმენმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხუთ საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის საქმეებზე) სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა. ამასთან, საერთაშორისო სტანდარტების, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულ მოქალაქეთა სამართალდამრღვევებად ცნობით, ადგილი ექნება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. აღნიშული კი შემდგომში წარმოშობს საშიშროებას, პროტესტის მიზნით განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევა მომავალშიც სამართალდარღვევად დაკვალიფიცირდეს.

"ხუთივე შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატმა დეტალურად შეისწავლა და შეაფასა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და საჯაროდ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები. მასალების ანალიზმა მკაფიოდ გამოავლინა, რომ აქციის ზემოთ ხსენებული მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო. ისინი არ გამოხატავდნენ აგრესიას სამართალდამცავების ან გამვლელების მიმართ, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას, არ ბლოკავდნენ შენობის შესასვლელს და სხვა. ამ ფონზე, სახალხო დამცველმა საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების შეფასების არსებით მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, თუ რამდენად შეიძლება შეკრებილთა მიერ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებით სარგებლობამ საზოგადოებრივი წესრიგის თუნდაც მინიმალური დარღვევა გამოიწვიოს და შექმნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა".- ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველის თქმით, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია და იდეები, რომელთაც საზოგადოება იზიარებს ან რომელთა მიმართ ინდიფერენტულად არის განწყობილი, არამედ ისეთებიც, რომელიც შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე, გარკვეულ ჯგუფს.

"საგულისხმოა ისიც, რომ პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს. შესაბამისად, სრულიად დაუშვებელია სამართალდამცავთა მიერ შეკრების მონაწილეთა უფლებებში ჩარევა მხოლოდ მათ მიერ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები დაეხმარება სასამართლოს, სწორად შეაფასოს განსახილველი საკითხები და სამართალშეფარდება განხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი პრინციპების დაცვით".- აღნიშულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. მანამდე, სამართალდამცველები ცდილობდნენ, აქტივისტებისთვის წაერთმიათ ბანერები, რომლებზეც "ირაყლი" ეწერა. დაკავებულთა შორის იყვნენ იურისტები, ედუარდ მარიკაშვილი და შოთა თუთბერიძე. ადგილზე მყოფების ცნობით, რომ ედუარდ მარიკაშვილს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა.

5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბანერების გამო დაკავებულთან დაკავშირებით კითხვაზე თბილისში აშშ-ს საელჩოს განცხადება გაიმეორა. მან აღნიშნა, რომ ამერიკა ყურადღებით აკვირდება დაკავებულთა საქმეებს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება "ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებს".

 

კომენტარები