საქართველო-უკრაინა

პრეზიდენტი ფაქტს, რომ ზელენსკიმ უკრაინაში არ მიიწვია, ხელისუფლებების ურთიერთობებით ხსნის

სალომე ზურაბიშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უკრაინაშაი, 2021 წელი.
president.gov.ua

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფაქტს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის ქვეყანაში არ მიიწვია, ორი სახელმწიფოს ხელისუფლებების ურთიერთდამოკიდებულებით ხსნის. ამის შესახებ მან Українська правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, ის უკრაინაში ვიზიტისთვის მუდამ მზადაა.

"მე მუდამ მზად ვარ ჩამოსვლისთვის და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე ჩამოსვლა შემეძლება". – უპასუხა ზურაბიშვილმა შეკითხვას, თუ ამ დრომდე რატომ არ ჩავიდა ის უკრაინაში.

ზურაბიშვილის თქმით, ზელენსკიმ უკრაინაში ის სახელმწიფოების მთავრობებს შორის არსებული ურთიერთობის გამო არ დაპატიჟა და ეს ჟესტი პირადულ ხასიათს არ ატარებს.

"ეს პირადული არაა და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც აღვწერეთ როგორც ამ ეტაპზე არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა ხელისუფლების წრეებს შორის". – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ვიზიტს ყირიმის პლატფორმის ფარგლებში შეძლებს.

"ასე რომ, გარკვეულწილად, ვგრძნობ ამის შედეგებს, მაგრამ კვლავ მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, ამის შესაძლებლობა გვექნება. იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა ყირიმის პლატფორმაზე გამოჩნდება". – თქვა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმაზე მიწვევა ჯერ არ მიუღია, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ჯერ ორგანიზებული არაა.

ყირიმის პლატფორმა ვოლოდიმირ ზელენსკის ინიცატივით შექმნილი ღონისძიებაა. გასულ წელს მასში ზურაბიშვილი ონლაინ ფორმატში მონაწილეობდა.

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე პრეზიდენტმა თქვა, რომ მას მოწვევა არ მიუღია, მაგრამ მიიღო საქართველოს პარლამენტმა. მოწვევის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალური დელეგაცია არ გაგზავნა. კიევში მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში საქართველოს ოფიციალური დელეგაცია მხოლოდ ერთხელ ჩავიდა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უძღვებოდა. საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბევრი დასავლელი ლიდერისგან განსხვავებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში არ ჩასულა.

კომენტარები