საქართველოს ევროინტეგრაცია

ზურაბიშვილი ქვეყნის კურსზე: არცერთი პოლიტიკოსი ქვეყნის ნებას არ წარმოადგენს

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Українська правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ნებას არც ერთი პოლიტიკოსი არ წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ხალხის მიერ დემონსტრირებულ პოზიციებზე.

ზურაბიშვილს უკრაინული მედიის მთავარმა რედაქტორმა, სევგილ მუსაიევამ დაუსვა კითხვა, იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველომ NATO-ში გაწევრიანებაზე უარი თქვა.

"მგონი თქვე გერევათ სიტყვა "საქართველო" და ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები. არც ერთი პოლიტიკოსი, საკუთარი სახით, ამ ქვეყანასა და ქვეყნის ნებას არ წარმოადგენს. განსაკუთრებით იმის წინააღდეგ, რისი დემონსტრაციაც ხალხმა არაერთხელ მოახდინა.

ჩვენი ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ყველა ჩვენი პრეზიდენტი, რომლებიც გვყავდნენ დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან, მხარს უჭერდნენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მუშაობდნენ ამ მიმართულებით. ასე რომ, არ არსებობს ერთი ადამიანი ან ხალხი, ვისაც ამის შეცვლა შეუძლია". – თქვა ზურაბიშვილმა.

ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომზე: ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება, გამხდარიყო NATO-ს წევრი

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის კურსი გაწერილია კონსტიტუციაში და თუ "ზოგიერთი ადამიანი" მას საკუთარი განცხადებებით ეწინააღმდეგება, ეს ქვეყნის შიდა პრობლემაა.

"საქართველოს ორიენტაცია გაწერილია კონსტიტუციაში. თუ ზოგიერთი ადამიანი აკეთებს განცხადებას, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ეს საქართველოს შიდა პრობლემაა. მაგრამ ეს არ არის სიგნალი იმისა, რომ საქართველო ორიენტაციას იცვლის". – თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, უკრაინა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წაიწევს, უფრო მალე ვიდრე საქართველო.

"დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ამ მიმართულებით წინ წაიწევს, შესაძლოა, უფრო მალე - და ეს სწორია - ვიდრე საქართველო, იმის წყალობით, რისი ჩვენებაც ბოლო თვეებში შეძლო. მე ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიებზე ვილნიუსის შემდეგ სამიტამდე. ვიმედოვნებ, ის შედგება, რადგან ეს NATO-ში ინტეგრაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება". – აღნიშნა პრეზიდენტმა ინტერვიუში.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, მარტის აქციების შემდეგ დაუახლოვდა თუ არა საქართველო ევროკავშირს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მთავრობის "შემაშფოთებელი ჟესტების" მიუხედავად, ევროინტეგრაცია, უკრაინის წყალობით, ხელმისაწვდომი გახდა და სწორედ ამით იყო გამოწვეული ხალხის "ცოცხალი რეაქცია". პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ხალხის მსგავსი რეაქცია შესაძლოა კვლავ ვიხილოთ, რადგან ისინი ხედავენ, რომ ევროინტეგრაციის შესაძლებლობა ახლოსაა, თუმცა შეიძლება მისი დაკარგვა.

"ვფიქრობ, რომ დიახ, გვქონდა შემაშფოთებელი ჟესტები ხელისუფლების მხრიდან, თუმცაღა, ვთვლი, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ეს ევროინტეგრაცია, კვლავ უკრაინის წყალობით, რაღაც რეალურად იქცა. აქამდე, გასულ წელს იყო მოძრაობა ევროპისკენ და ფაქტობრივად ჩვენ გავიარეთ ასოციაცია, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.

ეს წინსვლა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მგონია, რომ უკრაინის ბრძოლამ და იმან, რაც უკრაინამ მიზანდასახულობის თვალსაზრისით აჩვენა, ევროკავშრის კარი გახსნა. და ის რაც იყო გრძელვადიანი პერსპექტივა, უცებ ხელმისაწვდომი გახდა.

ამიტომაა, რომ საქართველოს მოსახლეობას ასეთი ცოცხალი რეაქცია აქვს, როგორიც ქუჩებში ვნახეთ და რომელიც შეიძლება კვლავ ვნახოთ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ეს უკვე აქ არის და შეიძლება დავკარგოთ". – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მას ევროინტეგრაციის შესაძლებლობის დაკარგვა არ სურს იმის გამო, რომ გარკვეული პირები არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

"მე არ მსურს ამის დაკარგვა იმის გამო, რომ ზოგიერთი ადამიანი არასწორ გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს. აი, ასეთია პარადოქსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ". – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები