რამზან კადიროვი

ადამ სულთანოვიჩი ცოცხალია და კარგადაა, ეს რომ სიყალბე იყო, თავიდანვე ვიცოდი – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, მისი "მარჯვენა ხელი" ადამ დელიმხანოვი ცოცხალი და უვნებელია. კადიროვი გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დელიმხანოვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი წინარე პოსტი დემონსტრაციული და განზრახ დაგეგმილი იყო, რათა მედია სიყალბეში გამოეაშკარავებინა.

"ყველას მადლობა, ვინც შეწუხდით! ადამ სულთანოვიჩი ცოცხალია, კარგადაა და დაზიანებებიც არ აღენიშნება. ეს [ინფორმაცია] რომ ყალბი იყო, მე თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ გადავწყვიტე, ყველასთვის მეჩვენებინა, განსაკუთრებით კი უკრაინელებისთვის, სადამდე დაეცა მათი მედია. ამდენად არ სცემთ პატივს თქვენს მკითხველს, თავხედურად ცრუობთ და იცით, რომ ეს ტყუილი გავრცელდება. და როცა მე ცეცხლზე ნავთი დავასხი, ამ სიცრუის ავტორებმა თავისივე ზღაპრების თავადვე ირწმუნეს.

სანამ მთელი ინტერნეტი ზუზუნებს და უკრაინელი ნაცისტების ნაბოდვარ ფანტაზიებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც მათ არამარტო რუსეთის გმირი, ასევე ჩვენი 200-მდე მებრძოლიც მოკლეს, ჩვენ ძვირფას ძმებთან ერთად ვართ... ახმატის ქვედანაყოფები ადგილზეა, მათ შორის რუსეთის საზღვარზე ბელგოროდის ოლქსაც ამაგრებენ. არსებული მდგომარეობა, ძალებისა და რესურსების გადანაწილება განვიხილეთ". - წერს კადიროვი Telegram-ზე. 

უკრაინული წყაროები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ზაპორიჟიის ოკუპირებულ ნაწილში რუსეთის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის წერტილში ზუსტი დარტყმის შედეგად ლიკვიდირებული იყო რამზან კადიროვის ახლო გარემოცვის წევრი, დეპუტატი ადამ დელიმხანოვი.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა. დეპუტატმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ დელიმხანოვი კარგადაა და ინფორმაცია მისი დაჭრის შესახებ სიცრუეა.

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მისი "მარჯვენა ხელის" ადამ დელიმხანოვის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ცნობებს Telegram-ზე გამოეხმაურა და უკრაინის დაზვერვას დახმარება სთხოვა. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ კადიროვის პოსტი ირონიული იყო.

კომენტარები