ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარეს საქმეზე დაკითხული პოლიციელის თქმით, დამწვარ მანქანაში 10 000-ზე მეტის ნივთები ეწყო

ტაბულა

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დაკითხული პოლიციელის, გიორგი მაისურაძის მტკიცებით, მის დამწვარ მანქანაში 10 000 ლარზე მეტი ღირებულების პირადი ნივთები ეწყო.

13 ივნისის სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე გამოკითხეს - პოლიციელი, რომლის მტკიცებითაც, მისი მანქანა დაწვეს და ექსპერტი, რომელიც ამბობს, რომ მანქანაზე ნავთოპროდუქტების კვალი ვერ აღმოაჩინა.

პოლიციელის ძვირადღირებული პირადი ნივთების ჩამონათვალში შედის 1 300 ლარიანი ფეხსაცმელი, 3 200-ლარიანი სმარტ საათი, 1 300-ლარიანი სათვალე და სხვა ნივთები.  

განახლება - მასალაში თავდაპირველად მითითებული იყო, რომ პოლიციელს მანქანაში 7 000 ლარის ღირებულების ფეხსაცმელები ჰქონდა (ამის შესახებ პროცესზე გრიგორიადისის ადვოკატმა თქვა - ჩანაწერში ისმის, რომ პოლიციელი ამბობს სიტყვას "ათას", სავარაუდოდ, ადვოკატს ფეხსაცმლის ფასს უსწორებს). ტაბულას მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ საქმის მასალებში ფეხსაცმლის ღირებულებად 1 300 ლარია მითითებული. 

მაისურაძე დაკითხული იყო მოწმის სახით. 

როდესაც მაისურაძემ სასამართლო პროცესის დროს დაადასტურა, რომ ხსენებული ნივთები, რომლებიც მისი სამსახურის მანქანაში ეწყო, მასვე ეკუთვნოდა, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები პოლიციელის შემოსავლებით დაინტერესდნენ. პროკურატურამ მათი კითხვა გააპროტესტა და მოსამართლე ზვიად შარაძემ თქვა, რომ "კითხვას ფაქტთან შემხებლობა არ აქვს".

"როგორ დავიჯერო, რომ საჯარო მოხელის ხელფასი საკმარისია ამ ნივთების შესაძენად". – ამბობდა გრიგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე პროცესზე.

მოსამართლემ ამ კომენტარის შემდეგ თქვა, რომ პოლიციელს 2 000 ლარზე მეტი ხელფასი არ ექნებოდა, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა, რომ მისი ანაზღაურება 2 000 ლარს აღემატება. მოსამართლე შარაძემ ამის შემდეგ თქვა, რომ პოლიციელს ხელფასი 3 000 ლარიც რომ ჰქონდეს, დავა არ მიმდინარეობს იმაზე, თუ საიდან იყიდა მან ნივთები, რომლებიც მანქანასთან ერთად დაიწვა.

პროკურორების თქმით, გამოძიება ბრალდებულისგან ნახსენები ნივთების ანაზღაურებას არ ითხოვს და დათვლილია მხოლოდ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი პოლიციის მანქანის დაწყვით.

მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა, გიორგი მაისურაძემ პროცესზე თქვა, რომ მანქანა სასტუმრო თბილისი მერიოტის მახლობლად ჰქონდა გაჩერებული, აქციის დღის შუადღიდან მოყოლებული. მისივე თქმით, ავტომობილში მას დატოვებული ჰქონდა პირადი ნივთები. თავად პარლამენტის შენობასთან, სხვა სამართალდამცველებთან ერთად იმყოფებოდა, როცა მათ რაციებში გაიგო, რომ დემონსტრანტები მის მანქანას აზიანებდნენ.

მაისურაძის თქმით, ავტომობილი ათზე მეტმა ადამიანმა დააზიანა, შემდეგ რუსთაველზე გაათრიეს და ერთ-ერთმა დემონსტრანტმა მას ცეცხლი წაუკიდა, რაც, მოწმის თქმით, თავადაც დაინახა, თუმცა ცეცხლის მომკიდებლის ამოცნობა ან აღწერა არ შეუძლია. მაისურაძე ამბობს, რომ ცეცხლის წაკიდების მომენტს ის არა უშუალოდ, არამედ ინტერნეტის მეშვეობით, ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან უყურებდა.

პროცესის დროს პროკურორებმა წარადგინეს სახანძრო-ტექნიკური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბრალდებულის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი შეინიშნებოდა.

პროცესის ბოლოს ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა სიტყვის თქმის მოითხოვა, მაგრამ მას უარი ეთქვა, რადგან, მოსამართლის განმარტებით, მან საუბარი პროცესის დასრულების შემდეგ მოითხოვა და სიტყვის თქმის შესაძლებლობა მომდევნო სხდომაზე ექნება.


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა – პეტიცია

კომენტარები