საქართველოს ეროვნული ბანკი

პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო, რომელიც ეროვნული ბანკის კანონპროექტს ეხებოდა

პარლამენტმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტო, რომელიც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტს ეხებოდა, დაძლია. 

პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყარა პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს. მას მხარი 15-მდა დეპუტატმა დაუჭირა, 26 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი ჩავარდა. 

ამის შემდეგ პარლამენტმა კენჭი უყარა ქართული ოცნების კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას, რომელიც სამი მოსმენით იყო მიღებული. პარლამენტმა ეს კანონპროექტი 82 ხმით მიიღო. წინააღმდეგი იყო 9 დეპუტატი. კვორუმს 76 ხმა წარმოადგენდა.

2023 წლის 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებდა, რადგან, მისი შეფასებით ცვლილება იყო "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული".

მანამ, სანამ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებოდა, ქართული ოცნების დეპუტატებმა წამოაყენეს ინიციატივა, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეეტანათ. ამ დროისთვის სებ-ს ჰყავს სამი ვიცეპრეზიდენტი, რომლებსაც თანაბარი უფლებები აქვთ. მას შემდეგ, რაც გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა, ბანკის შიდა რეგულაციების საფუძველზე, ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

ზურაბიშვილმა ამბობდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესში პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად მუშაობდა. პროცესის პარალელურად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები - მიიღეს გადაწყვეტილება დაემატებინათ ერთი თანამდებობა, პირველი ვიცეპრეზიდენტის სახით, რომელიც გახდებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავდა სებ-ის ახალ ხელმძღვანელს.

ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეროვნული ბანკის "მიზანმიმართულად ეროვნული ბანკის ჯეროვანი საქმიანობის დაბრკოლებაში" ადანაშაულებდა. მმართველი პარტიის განცხადებით, ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, რითაც ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც შესაძლებელი გახდებოდა, თუმცა ზურაბიშვილმა შეთანხმება დაარღვია.

ქართული ოცნება აცხადებდა, რომ ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევდა ვეტოს დაძლევა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი "ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო".

კომენტარები