საქართველოს ეროვნული ბანკი

მდინარაძე: საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა

მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის არჩევას გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა.

"ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა. ქალბატონ სალომეს ვინც არ უნდა წარმოედგინა კანდიდატად, ოღონდ ის ადამიანები საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ, ყველას ავირჩევდით. ისეთი მდგომარეობა დააყენეს, რომ საუბარი უკვე ფიზიკურ გადარჩენაზე იყო. თანამდებობის 3 პირი, რომელზეც ეს იყო დამოკიდებული, სამივე ერთ დღეს გაწიეს გვერდზე [...] არ ვიცი, პრეზიდენტს რა მოტივაცია ჰქონდა და ეს კანდიდატები რატომ წარადგინა, მაგრამ ფაქტი ერთია - მას ვინც არ უნდა წარედგინა, ფინანსური სისტემის გადასარჩენად ჩვენ ყველას ავირჩევდით". - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 

21 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. იქამდე, ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნათია თურნავას საგამონაკლისო ბრძანების გაუქმებამდე, ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ორი კანდიდატი პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

20 სექტემბრამდე ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოს 7 წევრი ჰყავდა, 20 სექტემბერს აქედან კიდევ 3 წევრი გადადგა. ორ თვეში მათი უფლებამოსილება იწურება, რის შემდეგაც, საბჭოში მხოლოდ 4 წევრი დარჩებოდა. პარლამენტის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი ნოემბერში სებ-ის საბჭოს 6 წევრი ეყოლება.


მას შემდეგ, რაც სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, 20 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს.

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა - მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".

 

კომენტარები