სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი საფრანგეთსა და ვიეტნამს ეწვევა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი
REUTERS/Kim Hong-Ji/Pool

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, იუნ სუკ იოლი მომავალ კვირაში საფრანგეთსა და ვიეტნამს ეწვევა.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის, კიმ თე-ჰიოს თქმით, 20-21 ივნისს პარიზში დაგეგმილი ვიზიტის დროს, იუნი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან უმაღლესი დონის შეხვედრას გამართავს.

პარიზში ყოფნისას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დაესწრება საერთაშორისო გამოფენების ბიუროს (BIE) შეხვედრასაც. აღნიშნული ორგანიზაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, "მსოფლიო გამოფენის" სახელით ცნობილი ღონისძიების, Expo-ს ორგანიზატორია. Expo-ზე სახელმწიფოები მთელი მსოფლიოდან საკუთარი მიღწევების წარმოჩენას შეეცდებიან. 2030 წელს დაგეგმილი ღონისძიების ჩასატარებლად ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყანა, უკრაინასა და საუდის არაბეთთან ერთად, სწორედ სამხრეთ კორეაა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 22 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით ვიეტნამსაც ეწვევა, სადაც იუნთან ერთად 205-კაციანი ბიზნეს დელეგაციაც ჩავა.

კომენტარები