ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს გაიმართება

ტაბულა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს, 12:00-ზე გაიმართება.

13 ივნისის სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე გამოკითხეს - პოლიციელი, რომლის მტკიცებითაც, მისი მანქანა დაწვეს და ექსპერტი, რომელიც ამბობს, რომ მანქანაზე ნავთოპროდუქტების კვალი ვერ აღმოაჩინა. ამასთან, მოწმე პოლიციელის თქმით, მანქანაში 10 000 ლარზე მეტის ღირებულების პირადი ნივთები ჰქონდა.

პოლიციელის მტკიცებით, მისი ძვირადღირებული პირადი ნივთების ჩამონათვალში შედის 1 300-ლარიანი ფეხსაცმელი, 3 200-ლარიანი სმარტ საათი, 1 300-ლარიანი სათვალე და სხვა ნივთები. 

განახლება - მასალაში თავდაპირველად მითითებული იყო, რომ პოლიციელს მანქანაში 7 000 ლარის ღირებულების ფეხსაცმელები ჰქონდა (ამის შესახებ პროცესზე გრიგორიადისის ადვოკატმა თქვა - ჩანაწერში ისმის, რომ პოლიციელი ამბობს სიტყვას "ათას", სავარაუდოდ, ადვოკატს ფეხსაცმლის ფასს უსწორებს). ტაბულას მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ საქმის მასალებში ფეხსაცმლის ღირებულებად 1 300 ლარია მითითებული. 

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

კომენტარები