რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: ზაფხულის კონტრშეტევაში უკრაინა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს არ გამოიყენებს

CNN

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის თქმით, ზაფხულის კონტრშეტევაში უკრაინა F-16-ის ტიპის ავიგამანადგურებლებს არ გამოიყენებს. მისი ინფორმაციით, თვითმფრინავები უკრაინაში სავარაუდოდ შემოდგომისთვის, ან ზამთარში იქნება

"F-16-ებს ზაფხულის კონტრშეტევისას ბრძოლის ველზე ვერ გამოვიყენებთ". - ამბობს რეზნიკოვი.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადებას დრო დასჭირდება და კიევი ასევე უნდა შეთანხმდეს პარტნიორებთან, რომ უზრუნველყოს ინჟინრები და ტექნიკური პერსონალი, რომლებიც შეძლებენ ამ თვითმფრინავების მოვლასა და შეკეთებას.

მანამდე, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ თქვა, რომ უკრაინელი სამხედროების წვრთნა Abrams-ის ტანკების სამართავად დაიწყო, თუმცა, აშშ სწავლების დასრულებასა და იარაღის მიწოდებას კიევის კონტრშეტევის დაწყებამდე ვერ შეძლებს.

მილის განმარტებით, სატანკო წვრთნები მაშინ დაიწყო, როდესაც აშშ-მა და მოკავშირეებმა უკრაინელი მფრინავების F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში წვრთნაზე დაიწყეს მოლაპარაკებები. მილის თქმით, ეს თვითმფრინავები უსაფრთხოების გეგმის ნაწილი მომავალი თავდასხმების შესაჩერებლად იქნება. 

მილის ინფორმაციით, F-16 სასწავლო ჯგუფების მოცულობის, საფრენი ტაქტიკის ტიპებისა და სწავლების დეტალური გეგმა აშშ-მა დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებთან ერთად უკვე შეიმუშავა. დიდმა ბრიტანეთმა, ისევე, როგორც ნიდერლანდებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას ამერიკული წარმოების F-16-ებს გადასცემდნენ. აშშ-ს არ უთქვამს პირდაპირ, მიაწვდის თუ არა თვითმფრინავებს კიევს, თუმცა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი F-16-ების წვრთნებს, კოალიციის ფარგლებში, მხარს დაუჭერს.

დაახლოებით 200-მა უკრაინელმა სამხედრომ გასულ კვირას გერმანიაში 12-კვირიანი სასწავლო კურსი დაიწყო, სადაც ისინი მანევრირებას, სროლასა და მოწინავე ჯავშანტექნიკით კომბინირებული შეიარაღების ოპერაციებს სწავლობენ. დამატებით 200 უკრაინელი ტრენინგს ტანკების საწვავის და საწვავის სატვირთო მანქანების მოვლაზე გადის.

კომენტარები