NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, თურქეთი შვედეთთან მორიგ შეხვედრას დათანხმდა. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"შვედეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თურქეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. [...] წევრობა შვედეთს უფრო უსაფრთხოს, მაგრამ ასევე NATO-სა და თურქეთს უფრო ძლიერს გახდის. მოუთმენლად ველი შვედეთის გაწევრიანების რაც შეიძლება მალე დასრულებას." - თქვა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, მხარეები ერთმანეთს 12 ივნისს შეხვდებიან. ამასთან, გენერალური მდივანი მოელის, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ვილნიუსის სამიტამდე მოხერხდება.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა თურქეთს, მიიღოს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების გადაწყვეტილება და დასძინა, რომ სტოკჰოლმა თურქეთის პირობების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა.
აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ შვედეთი NATO-ს "რაც შეიძლება მალე" შეუერთდება, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და უნგრეთი კვლავ აგრძელებენ შვედეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შეფერხებას.