რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი ფაშინიანის პასუხზე: მნიშვნელოვანი განაცხადია, ერევნის პოზიციას ვითვალისწინებთ

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

CNN primanews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პასუხს კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი განაცხადია და კრემლი ერევნის პოზიციას ითვალისწინებს. 

"ეს მნიშვნელოვანი განაცხადია. ჩვენთვის ცნობილია, რომ სომხეთის მხრიდან უკრაინის გარშემო კონფლიქტისადმი მიდგომაში კონკრეტული ფაქტორები არსებობს, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ და მათ შესახებ ვიცით". - თქვა პესკოვმა. 

კრემლის სპიკერმა დასძინა, რომ მოსკოვი ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობას განაგრძობს. 

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი არაა რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან ომში. ამის შესახებ მან CNN primanews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

ფაშინიანის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომს გავლენა აქვს სომხეთის ურთიერთობებზე.

"რა თქმა უნდა, ხმამაღლა ეს არასდროს თქმულა, მაგრამ, ვფიქრობ, შესამჩნევია: ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში. ჩვენი გრძნობა ამ ომზე, ამ კონფლიქტზე არის განგაში, რადგან ის პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ყველა ურთიერთობაზე". – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, მსგავს სიტუაციაში სომხეთი მოკავშირის გარეშეა და დაუცველი რჩება, რადგან დასავლეთში ერევანი მოსკოვის პარტნიორი ჰგონიათ. მისივე თქმით, მსგავს სიტუაციაში შესაძლებელია ლავირება, თუმცა, სიტუაციის გართულებასთან ერთად, ეს შესაძლებლობა უფრო და უფრო რთულდება.

"დასავლეთში ამჩნევენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ, უფრო სწორად, უფრო ამჩნევენ. რუსეთში ხედავენ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მოკავშირეები უკრაინის წინააღმდეგ ომში. გამოდის, რომ ამ სიტუაციაში ჩვენ არავის მოკავშირეები არ ვართ, ანუ დაუცველები ვართ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ რომ ამ დაპირისპირებებში არსებობს ლავირების შესაძლებლობა, თუმცა სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო რთულდება ვითარება, უფრო რთულდება ლავირების შესაძლებლობა. ჩვენ ვლავირებთ განა იმიტომ, რომ სიტუაციაზე ჩვენი მოსაზრება არ გაგვაჩნია, არამედ იმ მიზეზით, რაც წუთის წინ ვახსენე: ჩვენი საზრუნავი, სამწუხაროდ, იმდენად ბევრია, რომ ისინი არ გვაძლევენ საშუალებას უფრო მეტად ჩართული ვიყოთ სხვა პრობლემების გადაჭრაში". – თქვა სომხეთის პრემიერმა.

კომენტარები