ევროკავშირის დემარში

ბოჭორიშვილი დემარშზე: შინაარსით გამოდის, რომ ჩვენ გვთხოვენ სანქციების დაწესებას

მაკა ბოჭორიშვილი
პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების სახელით ეკონომიკის მინისტრისთვის მიმართული დემარშის შინაარსით გამოდის, რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას თხოვენ.

"დემარში ვერ გახდება ხელის შემშლელი ფაქტორი [დასავლეთთან ურთიერთობაში], ეს არის ერთგვარი დიპლომატიური ჟესტი, რომ გაგვაცნეს 27 წევრი ქვეყნის პოზიცია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის დემარშის შინაარსი. ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე ჩვენს პარტნიორებთან და ძალიან ხშირად მსმენია, თქვენ არავინ გთხოვთ სანქციების დაწესებას და ამაზე არ არის საუბარი, თუმცა დემარშის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ ზუსტად ასე გამოდის, რომ ჩვენ გვთხოვენ მაშინ სანქციების დაწესებას და აქ ზუსტად გვაქვს ის მომენტი, როდესაც ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, ესმით კარგად ჩვენს პარტნიორებს ის განსაკუთრებული მდგომარეობას, მე ხაზს გავუსვამ - განსაკუთრებული მდგომარეობა, იმიტომ რომ ასეთი მდგომარეობა, რა მდგომარეობაც აქვს საქართველოს, არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს". - თქვა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველო არც NATO-ს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ამის პარალელურად რუსეთს ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რის გამოც მისი თქმით, მათი "მოქმედების სივრცე ძალიან შეზღუდულია". 

"მე პირადად და დარწმუნებული ვარ ბევრ საქართველოს სხვა მოქალაქესაც, მოლოდინი სტრატეგიული პარტნიორისგან მაქვს, რომ ის ამ ჩემს მდგომარეობას კარგად აცნობიერებს და კარგად გაიგებს, რომ ჩემი პოზიცია სანქციებს მე ვერ დავაწესებ, მე არ ვაწესებ სანქციებს რუსეთთან, ამის უკან დგას ძალიან ობიექტური მიზეზები, იმიტომ კი არა, რომ მე მომწონს პუტინი და ვგიჟდები რუსეთზე, იმიტომ რომ მე ამისი ობიექტური მიზეზები მაქვს, ამიტომ ვიქცევი ასე". - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ყველა ელჩთან ერთად, ბლოკის წევრი 27 ქვეყნის სახელით ვიცეპრემიერ, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართა.

ჰერჩინსკიმ გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს საქართველოს მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა, ხოლო ეს თანხმობა ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება.

10 მაისს რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, აღდგა პირდაპირი ფრენებიც. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

27 მაისს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი. პუტინის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებიც.

კომენტარები