ევროკავშირის დემარში

სამხარაძე დემარშზე: არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბუნებრივი და ლოგიკური ამბავია, როდესაც ევროკავშირს სურს, რომ საქართველომაც ისე იმოქმედოს, როგორც მოქმედებს ევროკავშირი, რადგან ის ჩვენი პარტნიორია და ამაში არც გასაკვირია რაიმე და არც საწყენი. 

"ეს მათი მოთხოვნა ლოგიკურია. თუმცა, მეორე მხარეს დგას ინტერესები - ევროკავშირს საკუთარი ინტერესები აქვს და ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები. ჩვენი ინტერესები მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის მხრიდან არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში დღემდე (ვგულისხმობ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას),  არ არის დაფიქსირებული ტერმინი „ოკუპაცია“ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში.

ასევე, გუშინდელი დემარშის დოკუმენტში ნახსენებია სანქციები, რომელიც დაკისრებული აქვს რუსეთს უკრაინის ტერიტორიების, მისი სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის დარღვევის წინაშე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,  მისი სუვერენიტეტი რომ დაარღვია რუსეთმა, იქნებ ესეც იყოს გათვალისწინებული ევროკავშირის მხრიდან, როდესაც საქართველოსთან მოდიხარ ასეთი თხოვნით".- თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ საქართველოს გამოწვევები აქვს და არ ვართ იმ მოცემულობაში და მდგომარეობაში, რომ  ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ.

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უსაფრთხოების  და ეკონომიკური გამოწვევები, როდესაც საქართველო  იქნება ნატო-ს წევრი და მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროკავშირს და იქნება გაწევრიანების ზღვარზე, მაშინ უფრო მეტ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად".- ამბობს სამხარაძე

რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ყველა ელჩთან ერთად, ბლოკის წევრი 27 ქვეყნის სახელით ვიცეპრემიერ, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართა.

ჰერჩინსკიმ გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს საქართველოს მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა, ხოლო ეს თანხმობა ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება.

10 მაისს რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, აღდგა პირდაპირი ფრენებიც. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

27 მაისს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი. პუტინის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებიც.

.

 

კომენტარები