ირაკლი ღარიბაშვილი

ბოკერია პრემიერზე: თუ მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება მტრის ცრუ არგუმენტს იმეორებდე?

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მიზეზებზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. ბოკერიას შეფასებით, პრემიერმა გაიმეორა ცრუ არგუმენტი, რომელიც წლების განმავლობაში იყო პუტინის რეჟიმის წარმომადგენლების სალაპარაკო მცდარი თეზისი.  

"იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ტრიბუნა გამოეყენებინა მკვეთრი გზავნილისთვის, რომ საქართველო იმსახურებს და დასავლეთს სჭირდება, რომ საქართველო ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მსგავსად, იყოს NATO-სა და ევროკავშირის წევრი და იყოს დაცული რუსული აგრესიისგან, იმის ნაცვლად, რომ წარსულში დასავლეთის ქვეყნების ნაწილის მიერ დაშვებული შეცდომები დღეს ჩვენი ეროვნული ინტერესების დღის წესრიგის გასამყარებლად გამოეყენებინა, იმის ნაცვლად, პირდაპირ ეთქვა -  2008 წელს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შეფერხება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოსა და შემდგომში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა, ერთი-ერთში გაიმეორა ის ცრუ არგუმენტი, რაც წლების განმავლობაში იყო პუტინის რეჟიმისთვის, რუსეთისთვის სასარგებლო იდიოტების ან მათი პირდაპირ დაქირავებული ადამიანების სალაპარაკო მცდარი თეზისი - თითქოს, NATO-ს გაფართოებამ აღმოსავლეთით და საქართველოსა და უკრაინის სურვილმა, NATO-ს წევრი გამხდარიყო, გამოიწვია რუსეთის აგრესია.  

ანუ, რუსეთი აპრიორი კი არ იყო აგრესიული, აპრიორი კი არ ერჩოდა ჩვენს სახელწიფოებრიობას, აპრიორი კი არ ცდილობდა ჩვენი ქვეყნის განადგურებას, უბრალოდ, ჩვენ გავაღიზიანეთ, იმიტომ, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა გვინდოდა. ეს არის ყველაზე დიდი სიცრუე და ჩვენი და ყველა სხვა რუსეთის მეზობელი ქვეყნების ისტორია ამის დასტურია. პირველი აგრესიის დროს აფხაზეთსა და ცხინვალში საერთოდ არ იყო ეს საკითხი, არც NATO-ს და არც ევროკავშირის წევრობის. მაშინ რამ გამოიწვია რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ? მოლდოვამ ნეიტრალიტეტი ჩაწერა თავის კონსტიტუციაში, რატომ იყო აგრესია დნესტრისპირეთში? რატომ არის დღესაც ეს რეგიონი რუსეთის ოკუპაციის პირობებში? უკრაინის მთავრობამ ასევე ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და რა ზეწოლა მოახდინა პუტინის რეჟიმმა იანუკოვიჩზე, რაზე ათქმევინა უარი? NATO საერთოდ არ იყო დღის წესრიგში - ევროპაში უვიზო მიმოსვლასა და ევროპასთან ვაჭრობაზე ათქმევინა უარი, თავისი ქვეყნის ღალატი ჩაადენინა. 

თუ შენი ქვეყნის მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას? რატომ შეიძლება, რომ დასავლეთის წარსულში დაშვებულ მართლაც მძიმე შეცდომებს იყენებდე არა იმისთვის, რომ თქვა - მაშინ რაც შეგეშალათ, ახლა არ უნდა შეგეშალოთ, ახლა უნდა მიგვიღოთ NATO-ში, უნდა მიგვიღოთ სწრაფად ევროკავშირში. ამის ნაცვლად ამბობს, მაშნ რახან ცუდად მოიქეცით, დღეს ნუ გვთხოვთ, რომ მკაფიო პოზიცია გვქონდეს რუსეთის წინააღმდეგო". - ამბობს გიგა ბოკერია.    

ბოკერიას შეფასებით, პრემიერის ქცევას ადეკვატური შეფასება უნდა მიეცეს - საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. 

ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი. 

"არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო NATO-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ შედეგებს". - თქვა მან. 

კომენტარები