კოსოვო

კოსოვოელ სერბებთან შეტაკებისას NATO-ს სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო დაშავდა

KFOR-ის ძალებისა და კოსოვოელი სერბების დაპირისპირება ზვეჩანში, 2023 წლის 29 მაისი.
REUTERS/Laura Hasani

ჩრდილოეთ კოსოვოში სერბ დემონსტრანტებთან შეტაკებისას NATO-ს KFOR-ის სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ მისიის განცხადებაშია ნათქვამი

ამავე ინფორმაციით, NATO-ს ძალების იტალიური და უნგრული კონტინგენტის ჯარისკაცები არაპროვოცირებული თავდასხმის სამიზნე გახდნენ და მიიღეს ტრავმები მოტეხილობებისა და აალებადი მოწყობილობების აფეთქების დამწვრობების შედეგად.

"NATO-ს დანაყოფებზე არაპროვოცირებული თავდასხმები მიუღებელია და NATO-ს ძალები გააგრძელებენ თავიანთი მანდატის მიუკერძოებლად შესრულებას". – ნათქვამია განცხადებაში.

კოსოვოელმა სერბებმა ადმინისტრაციულ შენობაში შეღწევა სცადეს, შეტაკებებია პოლიციასთან

29 მაისს კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა ქალაქ ზვეჩანში ადმინისტრაციულ შენობაში ძალით შეღწევა სცადეს.

29 მაისს კოსოვოს პოლიცია და NATO-ს კოსოვოში განთავსებული KFOR-ის სამშვიდობო მისიის ძალები ადმინისტრაციულ შენობებს იცავდნენ ზვეჩანში, ლეპოსავიჩში, ზუბინ-პოტოკსა და მიტროვიცაში, ანუ ოთხ კომუნაში, სადაც გასულ თვეში ნაადრევი არჩევნები ჩატარდა. შედეგებს კოსოვოელი სერბები აკრიტიკებენ, რომლებიც ამ რეგიონებში უმრავლესობაში არიან. ამ ქალაქებში ასამბლეის წევრებისა და მერის პოსტებზე მხოლოდ ალბანელები ან არასერბი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დანიშნეს.

მძიმე შეტაკებები პოლიციასა და კოსოვოელ სერბებს შორის გასულ დღეებშიც მოხდა. 26 მაისს ათობით სერბი და ხუთი კოსოვოელი პოლიციელი დაშავდა. ამ მოვლენების პარალელურად, სერბეთმა კოსოვოს საზღვრების მახლობლად სამხედროები მაღალ მზადყოფნაზე გადაიყვანა.

კოსოვოელი სერბები ახალარჩეულ მერებს ხელს უშლიდნენ ადმინისტრაციულ შენობებში შესვლაში, რის პასუხადაც პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მაღალჩინოსნები შენობებში შევიდნენ.

აშშ-მ და ევროკავშირმა დაგმო კოსოვოს მთავრობის მიერ ძალის გამოყენება.

პარასკევს, 26 მაისს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ "სერბეთი უსაქმოდ არ იჯდება, როცა ჩრდილოეთ კოსოვოში სერბებს თავს ესხმიან".

დაახლოებით 50 000 სერბი, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობს და მთლიანი მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, კვლავ უარს ამბობს კოსოვოს ინსტიტუტებში მუშაობაზე, მათ შორის პოლიციაში, სასამართლოსა და მუნიციპალურ მთავრობებში. ამასთანავე, მათ აპრილის ადგილობრივ არჩევნებს ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ბოიკოტი გამოუცხადეს. შედეგად, ეთნიკურ ალბანელებს საბჭოების კონტროლის შესაძლებლობა მიეცათ. 

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კოსოვო აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძირითადი ქვეყნების მიერ, მაგრამ სერბეთი, რომელსაც მხარს უჭერს მისი მოკავშირე რუსეთი, უარს ამბობს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამ უკანასკნელის წინააღმდეგია კოსოვოს შიგნით მცხოვრები ეთნიკური სერბებიც.

კომენტარები