კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი გამოეხმაურა ულტრანაციონალისტი იგორ გირკინის (სტრელკოვი) სიტყვებს, რომ რუსეთი სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის წინაშეა.
გირკინი საფრთხედ პრიგოჟინსა და მის კერძო სამხედრო კომპანიას მიიჩნევდა.
პრიგოჟინის თქმით, გადატრიალების შესაძლებლობა ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ კონკრეტულად მისი ძალები ამას არ აპირებენ.
"სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე შესაძლებელია ყველა ქვეყანაში, ამერიკაში, იაპონიაში, ნებისმიერ ადგილზე". – თქვა ოლიგარქმა.
პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ მას ბევრი გადატრიალება უნახავს აფრიკის კონტინენტზე და ძირითადად მათ მხარეს იყო ხოლმე, ვისაც გადატრიალებას უწყობდნენ.
პრიგოჟინის თქმით, გადატრიალებებს არმიები აწყობენ, ვაგნერი კი არმია არაა, ასევე აღნიშნა, რომ ისინი დიდ პატივს სცემენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და გადატრიალების მოწყობის წინაპირობას ვერ ხედავენ.
"სახელმწიფო ან სამხედრო გადატრიალებისთვის ბევრი შეიარაღებული ხალხი საჭირო სულაც არაა. მაგრამ, როგორც წესი, გადატრიალებებს აწყობს არმია. არმიის რაღაც ნაწილი. კერძო სამხედრო კოპანია ვაგნერი საერთოდაც არაა არმია, ეს ერთი. მეორე, ჩვენ ძალიან ვცემთ პატივს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. ამიტომ, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მხრიდან ვერ ვხედავ გადატრიალების ვერანაირ წინაპირობას". – თქვა პრიგოჟინმა.
პრიგოჟინის აღნიშნა, იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ რუსეთში ბევრი შეიარაღებული ჯგუფი არსებობს. მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროშიც კი არსებობს "მიკრო არმია", რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შექმნა. ეს უკანასკნელი ხშირად ხდება ვაგნერის დამფუძნებლის კრიტიკის სამიზნე.
პრიგოჟინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში მრავალი შეიარაღებული ჯგუფის მიუხედავად, ყველაზე დისციპლინირებული არის ვაგნერი. ის ირწმუნება, რომ მისი ძალები გადატრიალებას არ აპირებენ.
"ერთადერთი დისციპლინირებულია ვაგნერი, ამიტომ, ვაგნერი გადატრიალებების მოწყობას არ აპირებს". – აღნიშნა პრიგოჟინმა.
პრიგოჟინის მრკიცებით, რუსეთს არეულობის საფრთხეს უქმნის NATO, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეშვეობით.
"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყანას სისხლიანი გადატრიალება ელის, ნაკლებად სავარაუდოა ხავერდოვანი რევოლუცია, მაგრამ შესაძლოა ელოდოს "ვაზელინური კორექცია"". – თქვა პრიგოჟინმა ირონიულად.
გასულ კვირებში პრიგოჟინის ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტის აღება შეძლეს, თუმცა 25 მაისს მათ პოზიციების რუსეთის შეიარაღებული არმიისთვის გადაცემა და დასახლებული პუნქტის დატოვება დაიწყეს. პროცესი პირველ ივნისამდე გაგრძელდება, როგორც თავად პრიგოჟინმა აღნიშნა. მან ვიდეოში, რომელიც ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით გაავრცელა, თავიდანვე აღნიშნა ზემოხსენებული გეგმების შესახებ და დაამატა, რომ ვაგნერი გადავა საველე ბანაკებში, მანამ, სანამ "სამშობლოს ხელახლა არ დასჭირდებიან". ამ დღეების განმავლობაში პრიგოჟინი განსაკუთრებით ხისტად აკრიტიკებდა "სამხედრო ბიუროკრატებს", თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ მათ "საბრძოლო მასალის შიმშილი" განზრახ მოუწყვეს და საკმარისი ჭურვებით არ ამარაგებდნენ.
პრიგოჟინი: ვაგნერზე ხალხის გაჩუმებით კრემლის ბიუროკრატებს თავში წკიპურტი მოხვდებათ
24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო. ის ასევე აქებდა უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერეს.
ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც.





