რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გირკინი: რუსეთში ახლო მომავალში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს

იგორ გირკინი ისტორიულ რეკონსტრუქციაზე, 2010-იანი წლების დასაწყისი.

რუსი ულტრანაციონალისტი იგორ გირკინი (ფსევდონიმით - სტრელკოვი) ამბობს, რომ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს და ზაფხულის ბოლოსთვის შესაძლოა შიდაპოლიტიკური ვითარება უკვე გაურკვეველი იყოს.

გირკინი საფრთხეს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფსა და მის დამფუძნებელ რუს ოლიგარქში, ევგენი პრიგოჟინში ხედავს.

ულტრანაციონალისტმა ვაგნერზე საუბრის დროს გაიხსენა რუსეთის სამეფოს არეულობის ხანა, 1598-1613 წლები, როცა რუსეთს დაპირისპირება ჰქონდა პოლონელებთან და შვედებთან და ქვეყანაში დაქირავებული არმიები მხარეებს რამდენჯერმე იცვლიდნენ. მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ პრიგოჟინის დაჯგუფება მოქირავნე მებრძოლებისგან შედგება.

გირკინის თქმით, პრიგოჟინმა ბოლო განცხადებებით სამხედრო და სამთავრობო სტრუქტურების ნაწილს ღიად გამოუცხადა ომი. ის თვლის, რომ რუს ოლიგარქს გარკვეული მხარდაჭერა აქვს.

"პრიგოჟინმა ფაქტობრივად ღიად გამოუცხადა ომი სამხედრო და სამთავრობო ნომენკლატურის ნაწილს. ცხადია, რომ ის მარტო არაა. მარტო რომ ყოფილიყო, რომ ყოფილიყო ქვევიდან ამომძვრალი, დიდი ხნის წინ გადააგდებდნენ. საუკეთესო შემთხვევაში მას დაბლოკავდნენ ყველგან, როგორც მე. არავინ ჩააბარებდა სამეთაუროდ 30 ათას, თუ მეტს, 35 ათასს ამბობდა თავად, 80 ათას კაცს. ცხადია, რომ მას დიდი მფარველობა აქვს, მათ შორის ოზეროს კოოპერატივისგან (აგარაკების კოოპერატივი, რომელიც დაკავშირებულია ვლადიმირ პუტინის გარემომცველ წრესთან). ის მმართველი მაფიის წევრია. მისი ერთ-ერთი ჯგუფის. ახლა ვაკვირდებით ერთ-ერთი ჯგუფი უკვე მუხლზე როგორ იმტვრევს არსებულ სიტუაციას. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არეულობა დაიწყო".  – თქვა გირკინმა.

რუსი ულტრანაციონალისტი თვლის, რომ კიდევ ერთი სამხედრო წარუმატებლობის შემთხვევაში, ქვეყანაში სიტუაცია წლის ბოლომდე გართულდება.

"ახლა ისღა დარჩა მოწინააღმდეგის კიდევ ერთი იერიში ჩავაფლავოთ, ახლა უკვე სერიოზულად, სტრატეგიული მასშტაბის და უკვე ზაფხულის ბოლოსთვის ქვეყანაში შიდაპოლიტიკური სიტუაცია შეიძლება გაურკვეველი გახდეს". – აღნიშნა გირკინმა.

გირკინის აზრით, პრიგოჟინის მიერ გამოცხადებულია გადატრიალების მცდელობა, თუმცა ჯერ მხოლოდ მედიაში. ის საფრთხედ აღიქვამს ფაქტს, რომ ვაგნერის ჯგუფი ფრონტის ხაზიდან ზურგში მდებარე ბანაკებში გადადის. გირკინის თქმით, შესაძლოა რუსეთში მალე სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს.

"თუ პრიგოჟინი ვაგნერის მეთაური დარჩება, არეულობა მალე და რადიკალურად დაიწყება. რომ აცხადებს, სუროვიკინი გენერალური შტაბის მეთაური უნდა გახდეს, მიზინცევი კი თავდაცვის მინისტრიო, ასე ვიტყვი: ორივე სწორედ იგივე ხარისხისაა, როგორიც მოქმედი თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის მეთაური. მაგრამ ეს წვრილმანია. გადატრიალების გამოცხადებული მცდელობაა. ჯერჯერობით მედიაშია გამოცხადებული. ჯერჯერობით. რა იქნება შემდეგ, არ ვიცი. მით უმეტეს მაშინ, როცა ვაგნერი წარმატებით გადადის ზურგში მდებარე ბაზებზე, ზურგის ბაზები კი, სხვათა შორის, ფრონტთან ახლოს არ აქვთ. ზურგის ბაზები გაფანტული აქვს რუსეთის ფედერაციის ევროპული ნაწილის მთელ ტერიტორიაზე. რომელი მათგანიდან გამოიყვანენ საყრდენ დამრტყმელ ძალასა და დანაყოფებს, არ ვიცი... საფრთხე, რომ ახლო მომავალში სახელმწიფო გადატრიალება მოხდება, სახეზეა". – აღნიშნა გირკინმა.


გასულ კვირებში პრიგოჟინის ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტის აღება შეძლეს, თუმცა 25 მაისს მათ პოზიციების რუსეთის შეიარაღებული არმიისთვის გადაცემა და დასახლებული პუნქტის დატოვება დაიწყეს. პროცესი პირველ ივნისამდე გაგრძელდება, როგორც თავად პრიგოჟინმა აღნიშნა. მან ვიდეოში, რომელიც ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით გაავრცელა, თავიდანვე აღნიშნა ზემოხსენებული გეგმების შესახებ და დაამატა, რომ ვაგნერი გადავა საველე ბანაკებში, მანამ, სანამ "სამშობლოს ხელახლა არ დასჭირდებიან". ამ დღეების განმავლობაში პრიგოჟინი განსაკუთრებით ხისტად აკრიტიკებდა "სამხედრო ბიუროკრატებს", თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ მათ "საბრძოლო მასალის შიმშილი" განზრახ მოუწყვეს და საკმარისი ჭურვებით არ ამარაგებდნენ.

პრიგოჟინი: ვაგნერზე ხალხის გაჩუმებით კრემლის ბიუროკრატებს თავში წკიპურტი მოხვდებათ

24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო. ის ასევე აქებდა უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერეს. 

ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც.

კომენტარები