საქართველო-ევროკავშირი

მდინარაძე EU-ს დემარშზე: ფრენებზე უარი დე ფაქტო სანქციები იქნებოდა რუსეთის მიმართ

ქართული ოცნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის დემარშსა და EU-ს ელჩის, პაველ ჰერჩინსკის სიტყვებს გამოეხმაურა. მდინარაძე ამბობს, რომ ელჩის სიტყვები "შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას" და ფრენების აღდგენას საქართველოს ხელისუფლების თანხმობა არ სჭირდებოდა. მისივე თქმით, ტექნიკური უწყებების მიერ პროცესის გაჭიანურება კი "დე ფაქტო სანქციები" იქნებოდა.

"არანაირი თანხმობა, არც პოლიტიკურ, არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა. თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ. უნდა გასცეს, ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ. არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს. ეს არის პრინციპული პოზიცია, რადგან ეს დააზიანებს საქართველოს, მის თანამემამულეებს, მოქალაქეებს. ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს, არ ვაპირებთ". – თქვა მდინარაძემ.

რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ყველა ელჩთან ერთად, ბლოკის წევრი 27 ქვეყნის სახელით ვიცეპრემიერ, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართა.

ჰერჩინსკიმ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს საქართველოს მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა, ხოლო ეს თანხმობა ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება.


10 მაისს რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, აღდგა პირდაპირი ფრენებიც. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

27 მაისს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი. პუტინის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებიც.

კომენტარები