საქართველო-ევროკავშირი

დავითაშვილი დემარშზე: საქართველოს კონტექსტი განსხვავდება EU-ს წევრი ქვეყნების კონტექსტისგან

ეკონომიკის სამინისტრო

"რა თქმა უნდა, შეიძლება, ჩვენ გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა არ შეიძლებაა გაიგივებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობასთან" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბლოკის წევრი 27 ქვეყნის სახელით ვიცეპრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩებთან "ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი" ჰქონდა.

"მათ გამოთქვეს მოსაზრება რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ზუსტად ეს იყო ძირითადი განხილვის საგანი, თუმცა, ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ, ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გააჩნია, აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან და ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ასე რომ საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან და ამაზე ღია საუბარი გვქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან,  ბევრი ელჩისთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია.

ასევე შევეხეთ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სანქციების აღსრულების და შესრულების საკითხებს, მათ შორის იმას, რომ გვექნება დამატებითი სამი ახალი დაკავშირების პუნქტი რუსეთთან, დღეს ძირითადი საზღვარი გვაქვს ლარსი და აქ ხდება საბაჟო კონტროლი მკაცრად და ყველა ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი საქნციების აღსრულების საკითხში.

სამი ახალი კავშირის პუნქტი გვიჩნდება - თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში, არსებობს მზა პოზიცია, საბაჟო შესაძლებლობებს ზრდის, ისევე როგორც უმაღლეს დონეზე ხდება აღსრულება ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი ამ აეროპორტებშიც, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ელჩებს გავუზიარეთ...

რა თქმა უნდა, შეიძლება, ჩვენ გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა არ შეიძლებაა გაიგივებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობასთან, ჯერ ერთი, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ჯერ კიდევ, წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, გვაქვს იმედი, რომ ეს პროგრესი ადეკვატურად დაფასდება , პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ საქართველოს კონტექსტი არის განსხვავებული, ჩვენი მდგომარეობა სპეიფიციკურია, ეს იქნება უსაფრთხოების კუთხით თუი ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ თითოეულ იმ საკითხზე, რომელიც მათ დასვეს, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და  ეს არის დისკუსიის პროცესი, როდესაც ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი დიალოგი გვაქვს პარტნიორებთან/ ეს არის მუშა პროცესი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგი გვაქვს უამრავ საკითხზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის სატრანსპორტო კუთხით. თქვენ მოისმინეთ, რომ მათი მხრიდანაც ეს არის დაფასებული, ჩვენც ვაფასებთ იმას, რომ გულწრფელად ჩვენ, პარტნიორებმა შეიძლება ერთმანეთს ვესაუბროთ ძალიან პირდაპირი ენით" - თქვა დავითაშვილმა.


რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ყველა ელჩთან ერთად, ბლოკის წევრი 27 ქვეყნის სახელით ვიცეპრემიერ, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართა.

ჰერჩინსკიმ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს საქართველოს მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა, ხოლო ეს თანხმობა ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება.

"დამწუხრებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ დათანხმდნენ პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. ეს არის წინააღმდეგ იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ, რომ არ შედგეს არცერთი პირდაპირი ფრენა რუსეთში და არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ფრენა. ჩვენ ასევე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რომ მან შეცვალოს მისი ქცევა, როცა საქმე შეეხება ბრუტალურ, აგრესიულ ომს უკრაინაში.

[...] სწორია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს ასევე საჭიროებდა თანხმობას საქართველოს მთავრობისგან. სწორედ ამიტომ, მე გადავეცი გზავნილი, რომელიც არის შეთანხმებული ევროკავშირის 27 ქვეყანასთან, რომლითაც ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ დათანხმდა, აღედგინა ფრენები რუსეთთან". – თქვა ჰერჩინსკიმ.

10 მაისს რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, აღდგა პირდაპირი ფრენებიც. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

27 მაისს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი. პუტინის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებიც.

კომენტარები