რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი ბელგოროდის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მოხდა, ღრმად შემაშფოთებელია

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი ღრმად შეშფოთებულია ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენების გამო. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს

"რა თქმა უნდა, ის, რაც გუშინ მოხდა, ღრმად შემაშფოთებელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ჩვენი მხრიდან დიდი ძალისხმევა დასჭირდება და ეს მცდელობები გრძელდება; სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რათა მომავალში მსგავსი შეჭრა არ განმეორდეს". - აღნიშნა პესკოვმა. 

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა "დივერსანტების ეთნიკურობას", პესკოვმა თქვა, რომ ისინი უკრაინელები არიან. 

"უკრაინაში ბევრი ეთნიკურად რუსი ცხოვრობს, მაგრამ მაინც ისინი უკრაინელი ბოევიკები არიან.  ჩვენი სპეციალური უწყებები, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილე პირს გამოავლენენ". - თქვა პესკოვმა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებზე გამოძიება დაიწყო

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა თავისუფალმა რუსეთმა გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

კომენტარები