რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებზე გამოძიება დაიწყო

22 მაისს ბელგოროდის სასაზღვრო ოლქში თავდასხმის ამსახველი ვიდეო
bpzua/Telegram

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ სამთავრობო მედიაში ვრცელდება

რუსული მხარე მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს და გამოძიებას ტერორიზმის მუხლით იწყებს. 

"სისხლის სამართლის საქმე ექვსი მუხლით, მათ შორის ტერორიზმის, აღიძრა უკრაინელი ბოევიკების მიერ ბელგოროდის ოლქში თავდასხმის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა". - წერს რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 22 მაისს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები თავს დაესხნენ ბელგოროდის ოლქის გრაივორონსკის რაიონს. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები ნაღმტყორცნებიდან და არტილერიის გამოყენებით დაბომბეს.

"ამჟამად ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები თავდამსხმელთა ვინაობისა და შემთხვევის ყველა გარემოების დადგენის მიზნით". - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურში.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა თავისუფალმა რუსეთმა გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

კომენტარები