ესპანეთის ლა ლიგა

"ეს ფეხბურთი არ არის, არაადამიანობაა" - ვინისიუს ჯუნიორი ლა ლიგას რასიზმში ადანაშაულებს

მადრიდის რეალის ფეხბურთელი, ვინისიუს ჯუნიორი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს - ლა ლიგას რასიზმში ადანაშაულებს და მოუწოდებს, რომ გადადგან ნაბიჯები და გაამკაცრონ რასიზმთან ბრძოლის პოლიტიკა.

21 მაისს, საფეხბურთო კლუბი ვალენსია მადრიდის რეალს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა. თამაშის მიმდინარეობისას გულშემატკივრების მხრიდან ვინისიუს ჯუნიორის მისამართით რასისტული შეძახილები ისმოდა, რამაც მატჩის დროებით შეწყვეტა გამოიწვია.

მატჩის შემდეგ ვინისიუს ჯუნიორმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ჩემპიონატი, რომელიც ოდესღაც რონალდინიოს, რონალდოს, რონალდუსა და მესის ეკუთვნოდათ, ახლა რასისტებს ეკუთვნით.

"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, არც მეორე და არც მესამე. რასიზმი ლა ლიგაში ნორმალიზებულია. ჩემპიონატში ფიქრობენ, რომ ეს ნორმალურია, ასევე ფიქრობს ფედერაციაც და ოპონენტები ამას ახალისებენ. ძალიან ვწუხვარ. ჩემპიონატი, რომელიც ოდესღაც რონალდინიოს, რონალდოს, კრიშტიანუსა და მესის ეკუთვნოდათ, ახლა რასისტებს ეკუთვნით. ლამაზი სახელმწიფო, რომელმაც მიმიღო და მიყვარს, შეთანხმდა რომ მსოფლიოს საკუთარი თავი რასისტ ქვეყანად შესთავაზოს. ბოდიში იმ ესპანელებთან, ვინც არ მეთანხმება, მაგრამ დღეს, ბრაზილიაში ესპანეთს რასისტების ქვეყანად იცნობენ. და სამწუხაროდ, იმ ყველაფრის გამო რაც ყოველ კვირას ხდება, მე არ შემიძლია [ესპანეთის] დაცვა. ვეთანხმები. თუმცა ძლიერი ვარ და რასისტების წინააღმდეგ ბოლომდე ვიდგები. თუნდაც აქედან შორს". - დაწერა მადრიდის რეალის ვარსკვლავმა.

ვინისიუს ჯუნიორის განცხადებებს მალევე გამოეხმაურა ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი და ფეხბურთელს მოუწოდა, რომ არ მისცეს საკუთარ თავს უფლება "იყოს მანიპულირებული".

"ჩვენ ვცადეთ შენთვის აგვეხსნა [რა შეუძლია ქნას ლა ლიგას რასიზმის შემთხვევებში], თუმცა შენ არ გამოჩნდი იმ ორ შეხვედრაზე, რომელიც მანამდე შეთანხმებული იყო. სანამ ლა ლიგას შეურაცხყოფას მიაყენებ და გააკრიტიკებ, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის ინფორმირება მოახდინო". - დაწერა ტებასმა.

ტებასის განცხადებას ვინისიუს ჯუნიორმა უპასუხა, სადაც ამბობს, რომ მას რასიზმზე ლაპარაკის ნაცვლად, ქმედებების დანახვა სურს და ნაცვლას რასისტების კრიტიკისა, ლა ლიგის პრეზიდენტმა მასზე შეტევა გადაწყვიტა.

ვალენსიას სტადიონზე მომხდარ შემთხვევას მალევე გამოეხმაურნენ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომდგენლები და ვინისიუს ჯუნიორს მხარდაჭერა გამოუაცხადეს - კილიან მბაპე, რონალდინიო, ლუის ჰამილტონი და სხვები. რასიზმი დაგმო ვალენსიას მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმაც.

ვინისიუს ჯუნიორის მიმართ რასისტული შეძახილები დაგმო ბრაზილიამაც. ქვეყნის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულას თქმით, უსამართლობაა, რომ ადამიანს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხდება მსოფლიოში, ყველა გასვლით სტადიონზე შეურაცხყოფენ. მადრიდის რეალის 20 ნომრის სოლიდარობის მიზნით, 22 მაისის ღამეს, რიო დე ჟანეიროში, იესო ქრისტეს ქანდაკების შუქებიც ჩააქრეს.

დღეს, 23 მაისს სპორტულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ვალენსიამ სამ გულშემატკივარს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ვინისიუს ჯუნიორის მისამართით რასისტულ შეძახილებში, სტადიონზე შესვლა სამუდამოდ აუკრძალა. ამასთან ერთად, ესპანეთის პოლიცია აწარმოებს გამოძიებას "სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის" ფარგლებში.

კომენტარები