არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (TI) რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გასამართლებლად პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებით მანიპულაციების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, პრემიერი ფრენების აღდგენის გამო დაწყებულ პროტესტს თავიდანვე ანტიდასავლური რიტორიკით და მანიპულაციური განცხადებებით გამოეხმაურა.
"განცხადების მთავარი პათოსი იყო, რომ მაშინ როდესაც ევროკავშირი თავად ვაჭრობს რუსეთთან, უსამართლოა საქართველოს მიმართ მოწოდება შეწყვიტოს მასთან ეკონომიკური ურთიერთობები. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი არ მოუწოდებს საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტისკენ. ევროკავშირის მოწოდებაა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში არსებულ სანქციებს შეუერთდეს, რადგან საქართველო არ გახდეს რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რისი ალბათობაც, ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იზრდება". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
TI ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობის რიცხვებით მანიპულირებას უწოდებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ "ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა საქართველოს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან… 2022 წელს საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარამდე იყო, ხოლო ევროკავშირის 270 მილიარდი დოლარი".
"სიმართლე – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა.
აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ევროკავშირს რუსეთთან გაცილებით დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს, მანიპულირებაა, რადგან ევროკავშირის ეკონომიკა არის 20 ტრილიონ დოლარამდე და მასში ვაჭრობის მცირე წილიც კი მაღალი რიცხვი გამოდის". – წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის შეფასებით, ქართული კომპანიების დასანქცირების რისკი რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ გაიზარდა. TI მიიჩნევს, რომ რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, როგორიც არის ფრენების აღდგენა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას გაურთულებს.
"ევროკავშირმა უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 დღეში, 2022 წლის 27 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რუსული თვითმფრინავებისთვის ცის დახურვის შესახებ, რომელიც დღემდე ძალაშია. ნებისმიერ რუსეთში რეგისტრირებულ თვითმფრინავს, ასევე რუსეთის მოქალაქის ან კომპანიის კუთვნილს ან დაქირავებულს ეკრძალება ევროკავშირის სივრცეში ფრენა. ასევე, აკრძალულია რუსული ავიაციისთვის ნებისმიერი საქონლის და მომსახურების მიწოდება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის სანქციები ეხება ნებისმიერ რუსულ კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანია აზიმუტს, რომელიც უკვე ახორციელებს პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით". – ნათქვამია TI-ის განცხადებაში.