რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გასულ ღამეს 30 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 29 მოიგერია

REUTERS/Stringer

ოფიციალური პირების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 30 ფრთოსანი რაკეტა ისროლა, რომელთაგან 29 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერის, სერგიი ბრატჩუკის თქმით, რაკეტა, რომელიც საჰაერო თავდაცვამ ვერ გაანეიტრალა, ინდუსტრიულ შენობას მოხვდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. დასავლეთის მიერ მიწოდებული თანამედროვე იარაღის გამოყენებით მოსალოდნელი უკრაინული კონტრშეტევის წინ, დედაქალაქზე რუსეთმა სარაკეტო იერიში მიმდინარე თვეში უკვე მეცხრედ მიიტანა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგიი პოპკოს მიერ Telegram-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულების შესახებ ჯერჯერობით არცერთი ცნობა არ მიუღიათ.

უკრაინული მხარის ცნობით ასევე ჩამოაგდეს ორი ფეთქებადი და ორიც სადაზვერვო დრონი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თქმით, რაკეტები რუსეთის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზებიდან გაუშვეს.

რუსებმა კასპიის რეგიონში ბაზირებული სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებით, საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი X-101 და X-55 ტიპის რაკეტები ისროლეს, ამის შემდეგ კი დედაქალაქის თავზე სადაზვერვო დრონები გაუშვეს.

16 მაისს, კიევზე განხორციელებული უკანასკნელი მასირებული სარაკეტო იერიშის დროს, დასავლეთის მიერ მიწოდებული მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებით უკრაინულმა მხარემ ყველა რაკეტა უვნებელყო.

კომენტარები