დიდი ბრიტანეთი-ტაივანი

"ტაივანი თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზეა" – ლიზ თრასი ტაივანს ეწვია

დიდი ბრიტანეთი ყოფილი პრემიერმინისტრი, ლიზ თრასი და ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯოზეფ ვუ
Taiwan’s Ministry of Foreign Affairs

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ლიზ თრასი 15 მაისს ტაივანს 5-დღიანი ვიზიტით ეწვია.

ტაიბეიში სიტყვით გამოსვლისას თრასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისუფალმა სამყარომ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ტაივანს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომებიც მიიღოს. ყოფილმა პრემიერმა პეკინის ავტორიტარიზმის დასაძლევად NATO-ს ეკონომიკურ ასპექტში ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. 

ლიზ თრასის თქმით, მისი ვიზიტი ტაივანის მხარდაჭერას ემსახურება, რომელიც როგორც თავად ამბობს, ჩინეთის ტოტალიტარული რეჟიმის საფრთხის პირისპირ დარჩენილი მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე დგას. 

ჩინეთის საელჩომ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის ტაივანში ვიზიტი სახიფათო პოლიტიკურ მანევრად შეაფასა, რომელიც ბრიტანეთისთვის ზიანის მეტს არაფერს მოიტანს. 

"მოვუწოდებთ ბრიტანელ პოლიტიკოსს, რომ გამოასწოროს თავისი შეცდომა, შეწყვიტოს ტაივანის საკითხით პოლიტიკური შოუს მოწყობა და ტაივანის სეპარატისტული ძალებისთვის თავზე ხელის გადასმა". - წერია ჩინეთის საელჩოს მიმართვაში. 

თრასი, რომელსაც ბორის ჯონსონის კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო მოგვიანებით, სულ რაღაც 49 დღის განმავლობაში პრემიერის თანამდებობაც ეკავა, საკუთარი კარიერის აღდგენას ყურადღების საგარეო ურთიერთობებზე გამახვილებით ცდილობს.

ვიზიტი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან ჯეიმს ქლევერლის გაფრთხილებას მოჰყვება, რომელმაც თქვა, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში "ფარდის ჩამოშვება" ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებისთვის კონტრპროდუქტიული იქნება.

გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

"ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები