საქართველო-რუსეთი

რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები, შესაძლოა, 16 მაისიდან განახლდეს – რუსული მედია

Georgian Aiways

რუსული მედია РБК- საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომავალი კვირიდან რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი და Georgian Airways-ი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავენ. ამავე ინფორმაციით, ფრენები ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დაიწყება. 

"Azimuth-ს ვნუკოვოდან თბილისის მიმართულებით ფრენები 16 მაისიდან შეუძლია, Georgian Airways-ს კი – 18 მაისიდან". – წერს რუსული მედია.  

"შესაძლოა არა 18 მაისს, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. იმედი მაქვს, უახლოეს ათ დღეში დავიწყებთ ფრენებს". – უთხრა РБК-ს საქართველოს ავიახაზების პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა.

მისივე თქმით, Azimuth-ი ნამდვილად ემზადება მომავალი კვირიდან თბილისის მიმართულებით ფრენებისთვის.

როგორც РБК-ს თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელმა, TAV Airports-ის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა ერჰან უსტუნდაგმა უთხრა, ორივე ავიაკომპანიამ თბილისის აეროპორტს რუსეთიდან ფრენების შესახებ უკვე შეატყობინა. 

РБК-ის წყაროებს ცნობით, Azimuth-ი თბილისში ფრენას კვირაში ექვსჯერ გეგმავს. 

ამასთანავე, გაიაშვილის თქმით, მოსკოვის მიმართულებით ფრენების აღდგენისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ  საქართველოსა და რუსეთში ფრენების დაწყების დარჩენილი ფორმალობების დასრულებას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, Georgian Airways-ი თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების ბილეთების გაყიდვის დაწყებას მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავს.

როგორც რუსული გამოცემა, РБК-ი წერს, რუსული ავიაკომპანია, Azimuth-ი Superjet-ის თვითმფრინავით იფრენს, რადგან ის ეკუთვნის რუსულ სალიზინგო კომპანიებს და არ ექვემდებარება სანქციებს, რომელიც უცხოეთის აეროპორტებში მომსახურებას კრძალავს. როგორც რუსული მედია წერს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, Azimuth-ს მოსკოვი-თბილისის ხაზზე კვირაში შვიდი ფრენისთვის დროებითი ნებართვა აქვს.

მსგავსი თვითმფრინავი ჰყავს ავიაკომპანია Red Wings-ს, რომელმაც საქართველოში ფრენისთვის ნებართვა უკვე მოითხოვა. 

"[თბილისის მიმართულებით ფრენები] საინტერესო და პერსპექტიულია, არა მხოლოდ ტურისტული ბიზნესის გამო, არამედ საქმიანი ურთიერთქმედების და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისითაც". – უთხრა РБК-ს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

სახ.დეპი: თუ პირდაპირი ფრენები აღდგება, საქართველოში ავიაკომპანიები შესაძლოა დასანქცირდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ქართული ავიაკომპანიები შესაძლოა დასანქცირდნენ

"საქართველოს მოსახლეობა, სავარაუდოდ, ამჯობინებს, რომ პუტინმა საქართველოს ოკუპირებული 20%-დან რუსული ჯარები გაიყვანოს, ვიდრე ფრენები აღადგინოს, ან სავიზო რეჟიმი შეცვალოს". – თქვა პატელმა.


10 მაისს ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

პუტინის განკარგულების შემდეგ, ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ავიანიუსთან კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა.

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". – აღნიშნავს გაიაშვილი ავიანიუსთან.

გაიაშვილის თქმით, იგი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმება. გაიაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები არ დაწყებულა, კვირის ბოლოს კი კომპანიაში თათბირი იგეგმება, სადაც ფრენებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კომენტარები