უკრაინა-NATO

WP: უკრაინა NATO-ში გაწევრიანების შესახებ ვილნიუსის სამიტზე ოფიციალურ მიწვევას არ მიიღებს

Rodrigo Abd/AP

Washington Post-ის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებამ გადაწყვიტეს, რომ უკრაინა 11-12 ივლისს, ვილნიუსის სამიტზე NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მიწვევას არ მიიღებს. 

გამოცემის ცნობით, NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

"ვილნიუსის სამიტი არ იქნება ისტორიული, ალიანსში უკრაინის მომავალზე გადაწყვეტილების გარეშე". - თქვა NATO-ში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია გალიბარენკომ. 

გალიბარენკოს თქმით, NATO-მ უნდა განსაზღვროს უკრაინის გაწევრიანების გზა და დაადგინოს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ მიმავალი მოძრაობის ალგორითმი, ნაცვლად იმისა, რომ კვლავ გაიმეოროს განცხადება ღია კარის პოლიტიკის შესახებ, რაც საკმარისი არ არის. 


29 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ NATO-ს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის გადაწყვეტილებაზე რომ იყოს დამოკიდებული, უკრაინა უკვე NATO-ში იქნებოდა გაწევრიანებული.

"ჩვენი ბოლო შეხვედრა იენსთან, წინა შეხვედრებთან შედარებით, უკეთესი იყო. მაგრამ ისევ და ისევ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ გადაწყვეტილება [უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ] სტოლტენბერგზე იქნებოდა დამოკიდებული, უკრაინა უკვე NATO-ში იქნებოდა". - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ კი არ გადაწყვიტა NATO-ში არყოფნა, არამედ ალიანსის ქვეყნებმა ვერ გაბედეს გადაწყვეტილების დროულად მიღება.

კომენტარები