არჩევნები თურქეთში

ერდოღანის საპარლამენტო კოალიცია არჩევნებში ლიდერობს – დათვლილია ხმათა 60%-ზე მეტი

REUTERS/Umit Bektas

პრეზიდენტთან ერთად, თურქეთში 14 მაისს პარლამენტში წარმომადგენლებსაც ირჩევდნენ. 

ხმათა 60.39 პროცენტი უკვე დათვლილია, აქედან პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია სამართლიანობისა და განვითარებისთვის 37.91%-ს ფლობს, მთავარი ოპოზიციური ძალა - რესპუბლიკელ ხალხთა პარტია კი 28.29%-ს. 

მმართველმა პარტიამ და მისმა მოკავშირე პატარა პარტიებმა ხმათა 50%-ზე მეტი მოაგროვა. მაშინ როცა ქემალ ქილიჩდაროღლუს კოალიციას 40% აქვს.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ხმათა დათვლის ზრდასთან ერთად მცირდება ერდოღანის უპირატესობა. 

ახალი კერძო სააგენტო ANKA-ს ინფორმაციით, ხმათა 83.31% დათვლილია და ერდოღანი 48.55%-ით 45.69%-ის წინააღმდეგ ქილიჩდაროღლუსთან უპირატესობას ინარჩუნებს. 

ხოლო სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ხმათა დათვლილი 80.48%-ით, ერდოღანი 50.43%-ით ლიდერობს, ქილიჩდაროღლუს კი 43.77% აქვს. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

დღეს თურქეთში 64 მილიონ რეგისტრირებულ ამომრჩეველს ორ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი - ვინ სურთ პრეზიდენტად მომდევნო 5 წლის განმავლობაში და, ასევე, გადაეწყვიტათ ვინ გააკონტროლებს პარლამენტს. პოლიტიკური პარტიებისთვის 600-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის ფლობა კანონების მისაღებად მნიშვნელოვანია. 

Politico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერისთვის 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ეს ყველაზე რთული არჩევნებია. ოპოზიციის მთავარი დაპირება პრეზიდენტის უფლებამოსილების უკან დაბრუნება და ქვეყნის ისევ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლაა. 

კომენტარები